რიონი - პორტი
1 ჰიპოკრატე - ძველი ბერძენი, ასე წერდა ამ ქვეყანაზე, (სჯობდა, რომ სულაც არ დაეწერა): - ”ქვეყანა, რომელსაც ჩაუდის ფაზის მდინარე, არის ჭაობიანი, ცხელი და ნოტიო. შემოსილია გარშემო ტყით, ყოველდღე მოდის დიდი წვიმები. ამ ჭაობებში მცხოვრები ხალხი წყალში აშენებს წნელისგან ფაცხებს. გარეთ გამოდის მხოლოდ მაშინ, თუ ბაზარში მოუხდა წასვლა. ხმარობენ ხისგან გაკეთებულ ნავს და ამ ნავებით ირგვლივ უვლიან წყალში ჩაყურულ თავიანთ მამულს. სვამენ წვიმის წყალს თბილსა და მდორეს და სიცხისაგან სულ აყროლებულს. აქ არ მწიფდება არასდროს ხილი, წყალს ზევით ადის რაღაცა ნისლი, ჰაერს რომ ალპობს და მუდამ სწამლავს. ხალხია ტანით თუმცა მაღალი, მაგრამ იმდენად არის მსუქანი, რომ აღარ უჩანთ ძარღვის სახსარი. ყვითელი, მწვანე გადაჰკრავს ფერი, თითქოს სიყვითლით არის ავადო“. 2 ამხანაგებო, მეზობლებო, სახლისკაცებო!.. მინდა შორიდან მოგესალმოთ ძმა - ამხანაგი, მაინც თქვენი ვარ, თქვენი მიწის, თქვენი ორპირის, თუმცა საგრძნობი არ მიმიძღვის თქვენგან ამაგი. ვიცი, კითხულობთ თქვენ ჩემს ლექსებს და ეს წერილი წასაკითხავად სახლში მოგივათ. ვიცი, გაარჩევთ მართალ სიტყვას, ძმაკაცურ სალამს. ამიტომ არი, რომ უბრალო ლექსით მოვდივარ, ამიტომ არი, რომ სიხარულს გული ვერ მალავს. ამხანაგებო, მეზობლებო, სახლისკაცებო!.. ჩემი სალამი და აღტაცება. 3 ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა: ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს, ახლოს გაგვიარს ეზო და სახლთან და საბჭოების მზეს მიგვაგებებს. ჩვენი დამქცევი იყო რიონი, გვემუქრებოდა ყოველდღე აყრას, და მალარიის ცივი მირონი ახლაც გვაყენებს საშინელ ზაფრას. ვინ დაგვიწყევლა უჟმური მხარე და საწამლავად მოგვცა ეს ფშანი; აქ ადამიანს რა გაახარებს, რომ იყოს მართლა გარდაქეშანი. რა იყო წინათ ამის წამალი - ნაკურთხი წყალი და აიაზმა! ამიტომ იყო, სოფელი მალე საფლავის ქვებით რომ დაირაზმა. ბევრი ყოფილა აქ შეცხადება, ბევრის უდროოდ ატირდა დედა, ვეღარ უშველეს ლოცვით ხატებმა, დაივსო კუთხე და გადაშენდა. მე ახლაც ვხედავ დაკონკილ საბნებს, მზისგან რომ ადის ოფლი ოხშივრად, გულად ვაჟკაცსაც შიში დააბნევს და თავის ბედის გახდის მომჩივრად. თვალწინ მიდგება თავებწაკრული მხალის ნეშოში ბალღი და ქალი, და ცხელებისგან პირგაძაგრული მესმის საწყლების ცივი კანკალი... ძველ დროს ხალხისთვის ვინ მოიცლიდა, რამე ეწამლა, ეცა ნუგეში!.. პირიქით, ლუკმას პირში აცლიდა, სურდათ დაელპოთ ამ მყრალ გუბეში. 4 ახალ ცხოვრების და ოქტომბერის მაცოცხლებელი ტრიალებს ქარი. თავის ბედს ხალხი თვითონვე მართავს, გუშინ უმწეო და შესაბრალი, ბედნიერების დამდგარა კართან. ვერ გაგვიბედავს რიონი აყრას, ხედავთ გემების გადმოშლილ აფრას. ძველი სიზმარი უკვალოდ გაჰქრა, ვისაც სჯეროდა, ღმერთმა შეარგოს. დღეს სხვა გემების გამოჩნდა აფრა, და იაზონის არა ჰგავს არგოსს. ახალ ეპოქის უდიდეს ეპოსს აღარ სჭირდება უკვე მედეა, პოეტს სხვა ცეცხლი გულს მოედება, თუ თავისთავის მოიმედეა. ახალ სიმღერებს გულში აგვინთებს ბედნიერების სხვა დაპირება, დღეს სხვა აზრი აქვს საგნებს და ნივთებს და ზღაპრად იქცა ოქროს ტრირემმა. სად იყო წინათ ის ოქროს სილა, ანდა სად ება ის ოქროს ვერძი?.. ალბათ ქვეყანა სულ გამოცვლილა და შეუცვლია მიწასაც ღერძი. ოქროს ლოდინი ახლა ტყვილია, დღეს ოქროდ მარტო შრომა ფასდება, დღეს შრომა მართლა ოქროს წყვილია, ჩვენ სიღარიბეს ის თუ გასწვდება. ახალ ცხოვრების აზრიც ეს არი, ხალხს არ წაერთვას ლუკმა და სარჩო, და თუ ამ დღეებს ჩვენ შევესწარით, მიზეზი არი - ლენინის საბჭო. 5 მე თუ არ ვაქებ ინდუსტრიის ქარს, მიტომ, რომ ფეხი ამ ფშანში ჩამრჩა. სხვა კაცი იმას უფრო მოიხმარს, ამ ახალ კაცის მე ვარ ქამანჩა. ალბათ სადღაცა ზის უსახელო, იქნებ ნიფხავი ჯერ არც კი ეცვას; მაგრამ გახსნილი აქვს მას საყელო, ღია თვალებით უყურებს ზეცას. მის მაგიერად რამდენი მკლავი შრომობს, ირჯება და ოფლს იწურავს; ხუთქიმიანი მისი ვარსკვლავი სამშობლო ცაზე სხვაგვარად სცურავს; ეცვას პერანგი დღეს ნარმიანი, ის მაინც სხვაა ადამიანი. ოქტომბრის ქარი ზუზუნით ზრდიდა, არ მოვარდნილა უეცრად ციდან, და გიგანტიურს ვხედავთ შენობას, მაგრამ, ჯერ ტყესა და ხარაჩოებს, ნუღარ დავაჩენთ ხალხს უჩვენობას, გზა ნათელი აქვს ამ დიდ საბჭოებს. გამოიჭედა ეს საქართველო, ფოლადის რკინის ახალ ჯავშანში, გატანილია იმისი ლელო, არ დაიღრჩობა ჩვენსავით ფშანში. ახალ ცხოვრების ამ აშენებას ძმური სალამი ჩემი გვიანი; ახალ ცხოვრების მშვენიერებას შვენის ახალი ადამიანი... 6 დგას აბრეშუმის... დგას ტყის სახერხი, მალე ქაღალდის ქარხანას ველით, დიდ საყვირების გრიალებს მეხი, გამოვა გემი რიონის ხვრელით. მალე დადგება დამბების ქსელი და რკინის ხიდი გამოცვლის ბორანს, მალე იმ გზაზე, დღეს რომ ლაფს ვზილავთ, მატარებელიც, ვხედავთ, მიგორავს, და იმ ადგილას, სადაც ჯერ გუშინ არ ეგდო ტყვილად ერთი აგური, ციებ-ცხელების გამომპალ ღრუში კლიმატიური ჩნდება სადგური. გადაშრებიან ასე ფშანები, ვეღარსად ვნახავთ დაგუბულ რუებს და მოტორების რკინის ლაფშები მუხაყრუასაც გადააყრუებს. მაშინ გახდება მართლა საჩინო ეს იმერეთის კუთხე პატარა; მგონი, რომ ბედმა გადაგვარჩინოს, მგონი ჩვენ ცაზე გამოიდარა. და მე სიხარბე დამრჩა პირველი, როცა ორპირში გემი მოვიდა, ვერ დავინახე ტარას სპრინკველი ხავსმოდებული ჩემი ქოხიდან. ლექსს ვერ ვუნახე საჭირო ხტილი, ასე უბრალოდ გრძნობა ამიტანს, სჯობს გამოტეხა და გულახდილი ვკოცნი ამ გემის პირველ კაპიტანს. დღეს ჩემი გული ჭალადიდია, გულში სხვა გული გემად დაცურავს, დღეს ძველი ქვეყნის პანაშვიდია, მიწა ქალამნად - ცა ქუდად მხურავს. ჩვენი ბავშვობის ოცნება ახდა, ვხედავთ ორპირში ორთქლმავალ გემებს, ახლოს გაიარს ეზო და სახლთან და საბჭოების მზეს მიგვაგებებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი