სატურნი და მალარია


მე თქვენზე ადრე ვეკითხები ჩემ საკუთარ თავს -
რად მოიღუნა ასე სული, ან რამ არია?
ნაწამებ წამებს ბედისწერა ერთმანეთს ართავს,
ორია რკალი: სატურნი და მალარია.

სიყრმიდან ვისმენ განუწყვეტელ მე ერთ რექვიემს,
ვარსკვლავად დასხდენ ბაყაყები ქალდეას ზეცას.
მკვდარი ბუზები ობობას ქსელს გამოერკვიენ,
ასე მგონია, რომ ეს ქსელი პერანგად მეცვას.

სამშობლოს ბედი... სიყვარული... რაც სხვას აწვალებს,
არ დამავიწყდა, ჩამომართვით სითამამეში.
ყოველი თვალი მომაგონებს ბრმა მამის თვალებს,
ჩემზე სტირიან ეს თვალები თავის ღამეში.

ჩემ ეზოს ჩრდილში მოწყობაზე მეც მიფიქრია,
ახ! მეც მინდოდა, რომ მქონოდა სახლი და ფუძე!
დღეს ხეტიალში ყველა გაჰქრა, ანდა მიჰქრიან
დიდების ძეგლად, მხოლოდ დამაქვს ჩემივე კუზი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი