სერგეი ესენინს


გაუხედნავი კვიცი იყავი
და სისხლიანი როგორც ჩაღატარ.
დარჩები ლექსში გაურიყავი,
ცოდვაა, ამ ლექსს საფლავში გატან.

მოგდევდა სევდა დიდ ტრამალების
და მოატანე დარიალამდე.
სული სულს როგორ დაემალება?!
ჩვენი თვალებიც ცრემლით დალამდენ.

განა შენ დარჩი მარტო ცოცხალი,
რომ გადარჩენა არ გხარებია?..
ვინ დაითვალოს ცრემლის კურცხალი,
სირცხვილი, რაც გულს გაჰკარებია?..

გდიოდა ლექსი შენ როგორც სისხლი,
მოურჩენელი გულის იარა.
თავის სიკვდილით თავს ვერ დაიხსნი
და სისხლი მხოლოდ სისხლს ეზიარა.

გამთენიისას ხაშის დიდ ქვაბში
ხარშავდა კეპკას მთვრალი პაოლო.
ყინვას გაჰქონდა გარედ კაშკაში,
სიკვდილმა ხელი მაგრად ჩაგავლო.

და გულში სტირის შენი ანდერძი:
სადღეგრძელოში გვახსოვდე მარად.
წითელ ღვინოში - შენ პურის კერძი
წამოიზრდები სისხლის ტომარად.

ღმერთი და სჯული... არა ვართ შორი,
მონღოლის სისხლი გვიდუღს ორთავეს,
სული დააპეს და მერე ძორი...
ძორიც ძერებმა გამოათავეს.

ასე უჭირდა ალბათ ამირანს
რომ დაულეწეს ჩვენსავით მკერდი...
შევსვამთ საწამლავს... ჩვენ როგორც მირონს -
პირველად შენ სთქვი ეს ალავერდი.

ჩოფურაშვილთან ვიყავით წუხელ,
შენზე ღრიალით გასკდა არღანი.
საკუთარ ძმასაც ვეღარ გავუმხელ,
რაც ჩაკირულა გულში ბალღამი...

სამწუხაროა ყველა ესენი
და უფრო მწარე კიდევ ის არი,
ლამაზო ბიჭო! სერგეი ესენინ!
ცოცხალს არ გესმის ეს საფიცარი!..

ამხანაგებო, თუ ღრმა ღელეში
ჩვენი თავებიც სადმე დაგორდეს,
ყველამ იცოდეს - სხვა პოეტებში
ესენინ ჰყავდა ძმად ცისფერ ორდენს!..

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი