უჟმური კვირა


ექვსი წელია ვემზადები
დავწერო ლექსი: - Dimancpe,
ამას ჰქვია ლაფორგის კვირა.
ასეთი უჟმური კვირაც არ მახსოვს,
ზარები ქალაქშიაც არა რეკავენ -
ყველა ტაძარი შეიქნა ფეერიული.
ეს ლექსი კიდევ თუ დღეს არ მეთქვა,
ნაღველი გულში ჩამექცეოდა.
შემიძლია დავიჩემო, რომ სიზარმაცის
ნამდვილი ღმერთი ვარ.
და თუ ამას დაემატება,
რომ ლოთობა ჩემი სტიქიაა -
ჩემზე ეროვნული პოეტი
არ ყოფილა საქართველოში.
კოტე მარჯანიშვილი,
სანდრო ახმეტელი,
შალვა დადიანი
და უშანგი ჩხეიძე,
ზიან ტანტების ცირკში -
კულა გლდანელის იუბილეზე.
ვინ მისცათ ყარაჩოღელებს
ამდენი ტემპერამენტი?
საწყალი გლდანელი დგას
გაკოტრებულ სოვდაგარივით.
მის წინ ძველი პორტრეტია,
- რკინაჩამოსხმულ ადამიანად.
პაოლო იაშვილის მაგიერ
სიტყვას ამბობს „არბიტორი”:
„შენ დაუკა, ვანუა”.
თავისმკვლელებივით მოდიან რუსთაველზე
გაფრინდაშვილი და ნადირაძე
და შემდეგ ერთად ვიხრჩობით
„მხიარულ ქვრივზე”.
ეს ლექსი ვარიანტია
ერთ გაუქმებულ კვირის.
შემდეგ ალბათ ამისთვისაც
ვეღარ მოვიცლით -
ყველაფერი წინ მიდის,
იწყება ლექსის ელექტროფიკაცია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი