პირველი სევდა


… ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ, იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა. სად არ ვეძიე, სად, მე ის ღიმილი და ბოლოს დავრწმუნდი, რომ იგი არ განმეორდება, როგორც გვირგვინმოხსნილი სიწმინდე.

… და ჩემს სულს ეწვია პირველი სევდა. პირველი სევდა, ბინდიანი, როგორც ოხვრა შუაღამისას ლიბანის მთაზე კედრისა;

ნაღვლიანი, როგორც სიმღერა ყვითელი ქარვის ფოთლების, შემოდგომის ქარიშხალის ფრთებზე მოცეკვავეთა…

მოწყენილი, როგორც წეროების უკანასკნელი ძახილი.

პირველად მამამ ამოიკითხა ჩემს თვალებში სევდა, როცა ჭადრაკს ვთამაშობდით და მაშინ მივხვდი, რომ წარსული სევდამ მოქარგა და უხილავი ჯაჭვით გადაება მას მომავალი. ჩემი სევდა მიაგავს სევდას ლეგენდის მოქანდაკისას, მარმარილოს რომ ენა ასწავლა და ბრინჯაოს – სიყვარულის ალერსი, მაგრამ ერთხელ რომ ძლიერ პირდაპირ შეხედა მზეს და შემდეგ მოჯადოებულმა ვერ შეძლო მარმარილოზე ნაგრძნობის გადატანა და ამაში იყო ნათელი ტანჯვა მისი სიცოცხლისა. ერთხელ შემხედა მან, მხოლოდ ერთხელ იმ შეხედვით, რომელსაც ნაპოლეონი ცეცხლით მონათვლას ეძახდა.

პირველად ვკითხე მაშინ სამშობლო ცას, სად წავიდა ჩემი ბავშვობის ლხენა და პირველად დატოვა ცამ უპასუხოდ ჩემი კითხვა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი