კოლხიდის ცის ქვეშ


ჩემო კარგო, ვერსად ვერ ნახავ შენ სხვა მხარეს, ისე რომ ენათესავებოდეს მოღლილ სულს, როგორც ჩვენ სამშობლოს.

- იცი, რას მოუთხრობენ მდინარე პონტის ზვირთებს ჩამავალი მზის სხივები?

- იცი, ცას რაზე ესაუბრებიან შავებში გახვეული კოლხიდის მთები?..

- აქ სევდით სუნთქავს ყველაფერი. დაუგდე ყური მწუხრის დუმილში ფაზისის სევდიან დუდუნს...

დაუგდე ყური ქარიშხლის მწუხარე მოთქმას და ვნებიან ძახილს... და იქ ამოიკითხავ ნაღვლით ნაქსოვ, მწუხარებით მოქარგულ პოემას. არ შეგაცდინოს ნათელ ღამეში კოლხიდის ცაზე ვარსკვლავთა ციმციმმა, განა ხანდახან ჩვენს მგლოვიარე ტუჩებზედაც არ გაჰკრთება ხოლმე ჩუმი ღიმილი?..

- დადუმებულ ქართლის ჩანგს გლოვობს კოლხიდის ცა... მომწყდარ სიმებისგან გამოცემულ უკანასკნელ მელოდიას აუქვითინებია კოლხიდის მთები და მიტომ დგანან ასე მწუხარებაში გაქვავებულნი.

- ნუ გაიცინებ, შენი სიცილი შეურაცხჰყოფს ბუნებაში გამეფებულ სამარადისო სევდას.

კოლხიდის ცის ქვეშ დამარხულ ბედნიერებას დასტირის წყალზე გადამდგარი მდუმარე ტირიფი.

- კოლხიდის ცის ქვეშ გამქრალ თავისუფლებას დასტირის თმაგაწეწილი კოლხიდის ასული. შენ მეკითხები, რისთვის მიყვარს მე კოლხიდის ცა?

- მისთვის, რომ მის ქვეშ უნდა დაიმარხოს ფერფლი ჩემი ცოდვილი სულისა.

შენ მეკითხები, რისთვის მიყვარს მე კოლხიდის ცა?

- მისთვის, რომ იქ დგას კუბო პირველი სიყვარულისა..

- ჩემი სული პეპელას მიაგავს, რომელმაც იგრძნო სიკვდილის მოახლოების წუთი, გაურბის ყვავილებს და ცეცხლის კოცონს თავს დასტრიალებს; ალის ნაკადულში დაიბანა ტანი, იგრძნო სიკვდილი და სიკვდილში ნეტარების თასი დასცალა.

- ჩემი სული ალბატროსს მიაგავს, თვალუწვდენელ ზღვის სივრცეში რომ მისდევს გემის იალქანს. საყვარელო, ნუ უფრთხი ჩემს გრძნობას, რა გენაღვლება, რომ შენ კალთაში დაიწვას ჩემი სული!..

ვინ სთქვა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს?

მე გრძელ, სევდიან ღამეებში გამოვაქანდაკე ყოველი ნაკვთი შენი სხეულისა, იმიტომ, რომ სული ახლაც ინახავს შენს ღვთაებრივ ნაკვალევს.

- მე რა ვიცოდი სიმღერა! თუ ვიმღეროდი, შენი ხმა მესმოდა ჟამის უფსკრულიდან.

- ჩემი ლექსის ყოველი სიტყვა შენგან გაგონილი ჩამიწერია. ვინ სთქვა, რომ ჩვენ არ ვიცნობთ ერთმანეთს?..

- დილის რიჟრაჟზე ამომავალ მზის სხივებისგან მოვქსოვე დიადემა.

- მძინარ ჟამს მოვსწყვიტე გულის წიაღში დაგუბებულ ნაღველზე გაზრდილი სევდის ყვავილი, საყვარელს გაფიცებთ, თქვენ, ასულნო კოლხიდისანნო, არ გინახავთ ჩემი სატრფო, არ გინახავთ?..

- ის განთიადის მთის ყვავილზე მოციმციმე ნამზე უფრო ნაზია.

- ის ნილოსის ნაპირზე ამოსულ ლერწამზე უფრო ტანადია.

- მის თვალებში ოცნებას აკვანი დაუდგამს.

- მდუმარე ტბიდან რომ მტრედი აფრინდა, მასზე უფრო ნაზია მისი ტანი...

- ყრმაო, შენ ეძებ ლანდს, რომელიც შენთან არის, გეხმაურება მიწის სული.

- ვიცი, ვიცი, რომ ჩემთან არის ლანდი, მაგრამ, მიწის სულო, შენ გეკითხები, არასდროს არ შეისხამს იგი სხეულს სინამდვილეში?..

მე კი დემონის ნანათი აღვიზარდე, ჩემი სისხლი დაუშრეტელი ცეცხლით იწვოდა!

- საყვარელო, ვინ არის დამნაშავე, რომ ცამ მე მომცა სული ზექვეყნიური და შენს მიწიერ სულს გადააჭდო?..

- ჩვენ შეცდომით შევხვდით ერთმანეთს ყოფნის გზაზე, რომ მალე დავშორებოდით.

- ნუ დამწყევლი, თუ კიდევ ამჩნევია შენს ლოცვას ჩემი კოცნის ალი.

- ნუ დამწყევლი, თუ კიდევ არ დაგვიწყებია ჩვენი ხვევნათა სიგიჟე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი