მინდა იქ ვიყო სადაც ..


მინდა იქ ვიყო სადაც,
მზეს ჩაუცვია ლურჯი
და იისიფერი კაბა.
მინდა იქ ვიყო სადაც,
მთვარე არ არის მუნჯი,
ღამე არ არის სადა.
სამკაულებად ზეცას
ვარსკვლავები, რომ ჰშვენის,
მინდა იქ ვიყო და ტანს
თეთრი სამოსი მეცვას,
მაგონდებოდეს ჩვენი
ახალგაზრდობის წლები.

ვიჯდე ტირიფის ძირას,
ნიავს ჰყვებოდეს თმები,
მინდა იქ ვიყო სადაც,
მთვარეს არასდროს სძინავს,
მუდამ მღერიან მთები,
ღამეს არ მოსავს ძაძა,
და ჭიუხებში ნისლი,
საბნად ახურავთ ჯიხვებს.
მინდა ქი ვიყო სადაც
არაფრად უღირთ სისხლი –
უკან არავინ იხევს –
როცა სამშობლოს უჭირს,
ყმაწვილ კაცსა და ხნიერს,
სულ ერთნაირად უჭრის
მუხლი მგლისა და მკლავი…
და მათ საშიშარ იერს
უმალ გაურბის თვალი.
მინდა იქ ვიყო სადაც,
მჭვარტლის სუნი სდის ბუხარს,
ვერავინ უცხრობს მადას,
თოთიასა და სუხას –
ტაშ-ფანუდრის და მღერის,
მინდა იქ ვიყო სადაც,
ძმასავით უყვართ მტერი,
მგელიკასა და საბას!
ვიდგე გუდანის კართან,
ქაჯ-ეშმაკების ხოცვად,
დედა ღვთისმშობლის კალთა,
ჯაჭველ გიორგის ლოცვა,
ტანზე მემოსო აბჯრად!
სამას არაგვლის რწმენა –
მუხლში მიდგამდეს ძალას,
ჯვარი მეჭირო ხანჯლად,
მფრაველად მყავდეს ზენა,
მე და ჩემ თოლჭრელ ქალას!
მინდა იქ ვიყო სადაც,
ბრძანდება თავად ღმერთი,
ქალაც, დედაც და მამაც,
ყველანი ვესხდეთ ფერხთით…
ანგელოსების ექო,
აზანზარებდეს ზეცას,
–შენ დაიფარო ღმერთო,
საქართველო და მეცა…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი