გათენდა
სხივები დახტიან ნამიან ზეწარზე, ჭალაში ბალახი შიშველ ტანს იმშრალებს, არ სჩანან ღრუბლები დილისფერ ზეცაზე, ზეცაზე რომელიც მეფობას იბრალებს – მზის ქვეშეთს უწოდებს თავის სამმართველოს, მთვარის არმიებით ზე-განდიდებული. ფუძის ანგელოზი აღვიძებს საქართველოს, -აანთე თვალებად, მზე გარინდებული! დათოვლილ ნაბიჯებს, სიცივე ადინჯებს, გათოშილ ბაგეებს გადასდით ფერები, თეთრ თითებს სიწითლე ათფერად აგიჟებს, ქრებიან ქათქათა ღრუბელთა გერები. კვდებიან კლდეებზე ლოდინით ლოდები, ცვივიან მძივებად ჭერხოდა ჭალაში, შოლტივით ეხვევა ბებერ გულს ცდოვები, აღარ მსურს თმაგაშლილს ბავშურად თამაში. ჭყივიან დილის-მადლ-მოსილი მერცხლები. წარსულის სიმწარე მომავალს მაფიქრებს, ბებერი ვეფხვივით ვბრდღვინავ და ვცეცხლდები, ბავშობის დღეები რა მალე გადიფრენს… გასცდება არხოტის მთებსა და სათიბებს, და დათვის ნატორი კვალივით დარჩება, წარსულს შემოხვეულ ბეწვიან ქათიბებს, დროებით დანაფერ ფერწასულ ფარჩებად. გათენდა, აღსავლის განიხსნა კარები, სხივები აკმია მზემ ცისფერ კრეტსაბმელს, ჯვრის კარში, ჯიხვებმა დარეკეს ზარები, ხუცესი ჭიუხში გალობის ხმებს აბნევს. გათენდა, ალიონს ვუმზერი სევდიანს, არაგვი გუგუნებს, არაგვი არ ცხრება, იმ ორ გულს ვისხენებს – მტკიცეს და ერთიანს, ვიხსენებ წარსულს და ცრემლები მაწყდება. გათენდა, საჯიხვეს გასცილდა წყვდიადი, სამშობლოს აღვიძებს ფუძის ანგელოზი, ქართველურ სიყვარულს – თვით ღმერთი დიადი, ზეციდან ქედს უხრის წარმართი ეროსი. გათენდა, გათენდა, გათენდა, მოედო მუმლივით მდელოებს, ოსანა, ოსანა ქართველთა – აღადგენს მკვდარ საქართველოებს!!!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი