იესო


იესო – ღმერთი ხარ მაგრამ,
იესო – ცრემლებიც გახსოვს,
იესო – ტკივილით დაღლა
შენ იცი რა რიგად ფასობს.
იესო – მძიმეა ჯვარი
იესო – შენ იცი როგორ,
იესო – ეშმათა ჯარი
სასულეთს მიათრევს გოგოს.
იესო – “ტალითა კუმი”
იესო – უთხარი ასულს.
იესო – ასეთი ჩუმი
რატომ ხარ? რად არც სცემ პასუხს?
იესო – მე ვიცი, ვიცი..
იესო – იუდა ჰქვია.
იესო – არ მჯერა ფიცის,
ზურგში არ გესროლოს ტყვია.
იესო – არ დაგგმობს,არა!
იესო – უყვარხარ პეტრეს,
იესო – მოდიან, ჩქარა –
მახვილი იშიშვლე პეტრე!
იესო – იუდაც მათთან?
იესო – რად გკოცნის მხარზე?
იესო – გამცემი ძმათა,
ავაგოთ, ავაგოთ ხმალზე!
იესო – იღონე რამე,
იესო – მოიხმე ზეცა,
იესო – გაფანტე ღამე,
საფლავი განუხსენ, მკვდრებსაც.
იესო – რა ხდება? რატომ?
იესო – გიცავდა პეტრე…
იესო – სამყაროს ბატონს?!.
მიშველეთ – უფალი შეჰკრეს…
იესო – რა უნდა ამ კაცს?
იესო – ცილს რატომ გწამებს?
იესო – კვერთხსა და არგანს,
მოგიტან უბრძანე წამებს…
იესო – რატომ ხარ ჩუმად?
იესო – გიბედავს რამდენს?!
იესო – ვერ ვხვდები გუმანს,
რა მოხდა? რა ხდება? რა ხდე….
იესო – სისხლი გაქვს თმაზე,
იესო – რად აძლევს ნებას?
იესო – ცრემლებით სავსე,
რად ისმენს ეშმაკის ქებას?
იესო – მათ პირი შეკრეს,
იესო – მათ სისხლი უნდათ,
იესო – სად არის პეტრე?
მარკოზი და მათე თუნდაც…
იესო – მარიამს ვხედავ,
იესო – ო, როგორ მოთქვამს,
იესო – რამდენსღა ბედავს?..
ეს ბილწი და მრუში მოდგმა…
იესო – პეტრეა ნუთუ?
იესო – უარგყო მანაც?
იესო – ვერ ვარჩევ, დუდუნს,
არ მჯერა, არ მჯერა, არა!
იესო – რა გიქნეს ჩემო,
იესო – სიცოცხლის წყარო,
იესო – რად მიაქვთ ზემოთ?
ნაძვი, ფიჭვი და სარო?..
იესო – არ სჯერა მასაც?
იესო – ო, რამდენს კარგავს,
იესო – მოვიკლავ თავსაც,
ოღონდ შენ იყავი კარგად!
იესო – ვინ გიდგას გვერდით?
იესო – ბარაბა ჰქვია?
იესო – მოიხმე ღმერთი,
მერე რომ არ იყოს გვიან.
იესო – სისხლია ყველგან,
იესო – ცრემლები მკლავენ,
იესო – ძირს რატომ წევხარ?
ამაღლდი, აღსდექი,
იესო – გირტყამენ მათრახს
იესო – გვირგვინი ეკლის,
იესო – ნუნების დათხრა,
არავინ, არავინ გშველის…
იესო – მძიმეა ჯვარი,
იესო – ძლიერად ასწი,
იესო – ეშმათა ჯარი,
შერისხე, დასცი და დასწვი!
იესო – გოლგოთა გელის,
იესო – აღსრულდეს უნდა,
იესო – სად არის ელი?
სიმონი და ლუკა თუნდა?
იესო – ლურსმნები რისთვის,
იესო – სჭირდებათ მცველებს,
იესო – ლოცულობ? ვისთვის?
რად ლოცავ ამ ოხერ მკვლელებს?
იესო – წყალი და სისხლი,
იესო – წვიმა და ელვა..
იესო – ყოველი მისხლი-
სთვის მიუზღას სასჯელი ელმა.
იესო – ღმერთი ხარ თუმცა,
იესო – ცრემლებიც იცი,
იესო – იმ გვერდებს ვფურცლავ,
იუდამ, რომ მოგცა ფიცი…
ჩნდებოდა, ქრებოდა ჯვარზე
იესო – გაცემის წამი,
ვლოცულობ, ვლოცულობ მასზეც,
იესო – მიყვარხარ. ამინ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი