ბავშობის მონატრება
…და ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც, ნაწვიმარ ზეცას ენატრება სხივები – თბილი, -თმა რომ მოვქაჩო, გავაბრაზო მეზობლის გოგო, მერე მოვპარო მის ბებიას ეზოდან თხილი. გავიქცე, ჩუმად ძმა ბიჭებთან – გავუყო სარჩო, ვიცინოთ ერთად, ვიხალისოთ, ვიმღეროთ, ვხატოთ, მერე მოვაძროთ ძველ ფანჯარას ბებერი ჩარჩო , და დედამიწის ამ ჩარჩოში ჩატევა ვცადოთ. ბავშვური გულით, მიამიტი თვალებით გვწამდეს, პაპის ზღაპრები, კარგიცა და ყველაზე მდარეც, დავდევდეთ პეპლებს, მივყვებოდეთ ფეხ და ფეხ ცამდე , მოვხატოთ ზეცა – ჩავაბნელოთ მზეცა და მთვარეც. ვეძახდეთ დედებს: “ცოტა ხანიც დამტოვე გარეთ, არ მშია არა, არც მწყურია, არც მტკივა რამე.” ვცელქობდეთ მუდამ და ბავშვობის ვითვლიდეთ წამებს, გვიშრობდნენ კოცნით უფროსები ცრემლიან თვალებს. გვიყვარდეს ყველა – წმინდანიც და მკვლელიც და მრუშიც, სირცხვილის გრძნობა გვიწითლებდეს ღაჟ-ღაჟა ლოყებს, იესო ქრისტეს სიყვარული მეფობდეს გულში, ვარსკვლავთან ერთად მივყვებოდეთ – ბაგისკენ მოგვებს. მე ახლა ისე მენატრება ბავშვობა როგორც, წუთისოფელმა შეიყვარა ძვალი და ხორცი, -თმას რომ ვქაჩავდე, ვაბრაზებდე მეზობლის გოგოს, და მერე ბოდიშს, რომ ვუხდიდე ლოყაზე კოცნით.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი