სინანულია ხსნა ცოდვისა
ეძებ პასუხებს – ათასი კითხვის, მიაგნებ თითქოს, კვლავ ქრება კვალი, დარჩენილ დღეებს წამებად ითვლი, და ცრემლებისგან გევსება თვალი. არ იცი ვინ ხარ, არ იცი რისთვის გიფეთქავს გული და გრძნობით კვდება, არ შეგწევს ძალა სიმართლის თქმსთვის, რომ შენს გარშემო ყოველ ცდება… ხედავ ქალაქებს სოდომს და გომორს, თან ისე ახლოს შენშია თითქოს, სული სიმართლით ცოდვებთან ომობს, სული სიმართლის დიდებას ითხოვს. არ შეგწევს ძალა, წაგერთვა სასო, ამაყად დგახარ არ ითხოვ შველას, ხორცს ცოდვის სიტკბო ჯერ კიდევ ახსოვს, შენს ცაზე ვნება ჯერ კიდევ ელავს. არ იცი როგორ, არ იცი რისთვის ითხოვო უნდა ძალა და მადლი, ვერ ხვდები – რატომ ლოცულობ სხვისთვის, როდესაც შენს სულს სიწმინდეს ათლი. იცი რომ სხვაგან შეგქმნეს და გაჩნდი, მაგრამ სხვა ქვეყნის კანონებს მისდევ, მორწმუნე გერქვა, მორწმუნედ დარჩი, მაგრამ არ იცი ვინ არის ქრისტე. დღეები დღეებს მისდევენ მწყობრად, ფერები ფერებს უფცვლიან გამას, ვერ ხვდები სული რად არის ობლად, ვერ ხვდები ცაში რად ეძებს მამას… და ასე დნები მიწაზე სანთლად, იცი რომ კვალიც გაქრება შენი, ბინდდება სადაც წარგგზავნეს ნათლად, და ეს სიბნელე სულაც არ გშვენის… მოდიან ხროვად სევდა და შიში, მუხლებში თითქოს გიქრება ძალი, სიცოცხლე გინდა, სიკვდილი გიშლის და შველას ითხოვს ზეციდან თვალი. არაფრის მთქმელი წარსული დაგაქვს, არაფრის მომცემ მომავალს ელი, ჭეშმარიტებად მიიჩნევ ნაგავს, ნაგავს რომელიც ვერაფრით გშველის. და ასე შიშის უფსკრულთან დგახარ, სიცოცხლის კართან სიკვდილი ელავს, არ იცი ვინ ხარ, არ იცი რა ხარ, და ვისგან უნდა ელოდე შველას. წამები მჭიდში ჩაეწყო მიჯრით, სიმართლის ტყვიამ ჩალეწა ძვლები, ცოდვიან სახეს სიკვდილი გიჭრის, და როგორც გაჩნდი ისევე კვდები, არ იცი რატომ არ იცი რისთვის… თოვლის ფიფიქივით უკვალოდ ქრები, და ბოლო სუნთქვა და ბოლო ცდისთვის, სანამდეც სულმა შეისხა ფრთები. უეცარ ფიქრებს სიტყვებით აპობ, და თვალწინ წმინდა გეშლება რჯული, დაუფიქრებლად, უგონოდ ამბობ, შენდობის მომეც უფალო სული… წაერთვა ბაგეს შენდობის სიტყვა, წაერთვა ძალა შენს სულზე წყეულს, სიმართლემ მოკლა ყოველი კითხვა, სული გაექცა ცოდვიან სხეულს. ეძებდი პასუხს ათასი კითხვის, დნებოდა ცოდვის ცრემლებით თვალი, და მხოლოდ ერთი გულწრფელი სიტყვით, მოგცილდა მთელი სიცოცხლის ვალი… და მხოლოდ ერთი გულწრფელი სიტყვით… ქრისტემ შეგასვა სიცოცხლის წყალი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი