ჩვენთან არს ღმერთი!


-დამლოცავთ მამაო?
-ღირსი ხარ შვილო ჩემო?
-არა მამაო…
-ღმერთმა დაგლოცოს შვილო.
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო.
-და უძლეველი შვილო ჩემო.
-რომ მოვკვდები სად წავალ მამაო?
-სადაც აირჩევ შვილო.
-ეგ როგორ მამაო? ცოდვილი თუ მოვკვდი ხომ ჯოჯოხეთში მოვხვდები?
-შენც ცოდვას ნუ აირჩევ, შვილო ჩემო და არ მოკვდები ცოდვილი!
-მართალია მამაო, სადაც ავირჩევ იქ წავალ.
-ჯერ არ ყოფილა შვილო დასავლეთში მიმავალი, აღმოსავლეთში მისულიყო..
-მეშინია მამაო. გზა რომ შემეშალოს?! მზე რომ არ ამოვიდეს?
-ქრისტეს სიტყვები გიმეგზურებენ შვილო.
-დიდ არს ქრისტე ღმერთი! მამაო.
-და კაცთმოყვარე შვილო ჩემო.
-მაინც მეშინია მამაო…
-რისი შვილო?
-მარტოობის და უსიყვარულობის მამაო.
-ოო, მაგის მეც მეშინია შვილო ჩემო, მაგრამ არასოდეს არ ვართ მარტონი!
-როგორ არა მამაო, აი თუნდაც ახლა.
-არ ხარ მარტო! ღმერთია შენთან შვილო.
-რა იცით მამაო?
-ღმერთი ყველგან და ყველასთანაა, ვინც ეძიებს მას შვილო ჩემო!
-მამაო თქვენ ჩემთან ხართ და გხედავთ კიდეც. თუ ღმერთიც ჩემთანაა რატომ ვერ ვხედავ მას?
-გაახილე თვალები შვილო…
-ვხედავ მამაო…
-ჩვენთან არს ღმერთი! შვილო ჩემო…

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი