შეჩერდი იუდა!


შეჩერდი იუდა! ადგილზე გაჩერდი!
არცერთი ნაბიჯი, არც წინ და არც უკან,
გამჩნევდი იუდა, სიხარბეს გამჩნევდი,
გაჰყიდი ნუთუ ღმერთს, ნუთუ ღმერთს დაღუპავ?!
რას სჩადი უღმერთოვ, მღვდელმთავრებს გასცილდი!
ეგ ღვარძლი მოისპე მოთხარე გულიდან,
დაბრუნდი იუდა, ეშმაკი დაგცინის,
მიუგდე მაგ ძაღლებს ეგ ვერცხლის ფული და,
დატოვე ბუნაგი, სატანის სმაკვიდრო,
შენს უფალს მოუხმე ის შენზე დიდია,
“სანცვლოდ რას მომცემთ” – არ ჰკითხო, არ ჰკითხო!
-დაიძრნენ მხედრები, ბაღისკენ მიდიან.
რა ჰქენი უღმერთოვ, ეს რა ჩაიდინე?
მოძღვარი ტანჯვისთვის რატომ გაიმეტე?
ინანე უღმერთოვ, ცრემლი დაიდინე,
ცოდვა დაიბედე, ცოდვა დაიბედე!
უკუნით წყვდიადში, ხმა ისმის – “მოძღვარო”
და მგლები ყმუილით მირბიან უფალთან.
რა ჰქენი წყეულო, ცოდვილო მოკვდავო?!
მას შენი გახრწნილი სულიც კი უყვარდა.
გარბიხარ იუდა, სად დაიმალები?
ვერაფრით დაჰფარავ ცოდვების სიმყრალეს,
არ დაგავიწყდება მოკლულის თვალები,
-”ყველა რომ გიყვარდეს, ყველა რომ გიყვარდეს!”
შიში გდევს ლანდივით სიცოცხლის ბოლომდე,
რას სჩადი უღმერთოვ, რად გინდა ბაწარი?
მაგიერ იმის, რომ ჯვარზედცმულს გლოვობდე,
თავს იკლავ, უღმერთოდ ცოდვისგან დამწვარი!
ეჰ, ასეთ ცხოვრებას რად ველტვით მოკვდავნი,
სიცოცხლის ბოლო ხომ სიკვდილით სრულდება,
გვჭირდება ღვთის სულით აღვსილი მოძღვარნი,
გვჭირდება სიფხიზლე, სიფხიზლე გვჭირდება.
იუდას ცოდვები როდია მომკვდარი,
კვლავ ადის ზეცამდე იმათი სიმყრალე,
გვჭირდება ღვთის სულით აღვსილი მოძღვარნი,
რომ მოვინანიოთ ცოდვათა სიმრავლე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი