მე მოვალ


“ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,
თვალებში ყორნების მქენჯნიან კლანჭები,
ამირანს მიჯაჭვულს და მგოსანს წაქცეულს,
ვიღაც ფრთებს მიკეცავს… ეჰა, ვიტანჯები.”
სისხლიან სიცოცხლეს სიცრუით ღებავენ,
ძვირფასო, გათელეს ფეხებქვეშ ვარდები,
ცეკვავენ ცხედრებზე, ცხედრებზე ცეკვავენ,
ვაჟკაცებს ტალავრის დააჭრეს კალთები!
სიზმრეულ ჩვენებებს მივაწერ ბედ-იღბალს,
ვის ვხატავ არ ვიცი, ეს უცხო ზმანება…
მოვა და ქარვისფერ თაიგულს შეგიკრავს,
და მერე წყვდიადი მზით გადაქანდება.
“ამაოდ მომესმის დედოფალთ გროვიდან,
ძახილი უცნობი, მსუბუქი ცისმარი,
მე მოვალ და მრავალ ყვავილებს მოგიტან,
მე მოვალ, მე მოვალ, მე მოვალ – სიზმარი!”
მერე ვერც მიწა და ვერც ცა გიშველის,
შეწყდება შენს გულში ქარების თარეში,
როდესაც ღამეში მზესავით შიშველი,
იდგები და სხივებს ჩამარხავ მთვარეში.
მე მოვალ, ზაფხულის ნამივით, ნუგეში,
“ასეთ სანახავად როგორც თანამდები,”
ქედს მოვხრი ფიფქების ცივ სიმსუბუქეში,
გემთხვევი თვალებზე, აღარ დაღამდები!
“ძვირფასო, ძვირფასო, ბედი კლავს ჩემს სხეულს,”
სალბუნად დამაწყე თითები გულ-მკერდზე,
რომ ლექსებს ძაღლივით ერთგულს და შეჩვეულს,
გიწყობდე, სხივივით მშვენიერ მუხლებზე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი