უკანასკნელი მეკვლე
რომ დაუბერავს ქარი, გადაიყოლებს ღრუბლებს, მარტოდ დამრჩალი მტკვარი, თბილისს გარშემო ურბენს. გააფრთიანებს მთა-ბარს, ცა, მოსაუბრე წვიმით. მზე ცისარტყელას დაბანს, ტანს, ოქროსფერი სხივით. ჩამოაჭკნობენ წლები, ვარდის კოკრებს და ეკლებს, ღამე იქნება მთების უკანასკნელი მეკვლე. ბევრს იმღერებენ გზები, და დათვრებიან რა რიგ – არ შეხვდებიან ბზებით, ციდან მომავალ ტარიგს. ჯილდო არის თუ ტანჯვა? სულზე მიკრული ჯვარი, არაფრის მთქმელი გარჯა, უსასოება ხარის… “ჯვართან მისული სურო – მარტოობა ქნარის, თვალთა ანგელოზთ შურო, შენ ღვთისმშობელო კარის.” “ჯვარზე გაკრული ელვა – ეს ჩემი დაა ლურჯი, თეთრი თვალების ღელვა და მდუმარება მუნჯი… ” მთის გაგიჟებულ რუებს, ღვიით, ძენძით და ქვიშით, სიკვდილი დააყრუებს მაცხოვრისადმი შიშით.” რომ დაუბერავს ქარი, გადაიყოლებს ღრუბლებს, მარტოდ დამრჩალი მტკვარი, ჩემს სულს გარშემო ურბენს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი