მწყურის


რომ გავიხედე ცისკენ,
ამოვისუნთქე შვებით,
იქ დავინახე ქრისტე,
ჯვარი მიჰქონდა მხრებით.

თავზე გვრიგვინი ედგა,
გაკეთებული ეკლით,
ლოცვა მინდოდა მეთქვა,
მაგრამ უეცრად შევკრთი.

ცრემლი რომ მოსწყდა მის თვალს,
ცამ რომ ისროლა ექო,
ბაგეს აღმოხდა – მიყვარს!
გთხოვ აპატიე ღმერთო!

და აქვითინდა მწარედ,
-დედი, სადა ხარ დედი?
ცრემლმა დაადნო მთვარე,
მიწას დაეცა მკერდით!

ემძიმებოდა ჯვარი,
თავს ვერა სწევდა ცისკენ,
იუდა იყო მკვდარი,
მას დასტიროდა ქრისტე.

-მწყურის – კვნესოდა – მწყურის,
ძმარში არიეს ტილო,
-რად მანაცვალე ფული?
რისთვის გამყიდე შვილო?

-მწყურის – იძახდა მისკენ,
მათ კი ეგონათ თითქოს,
ჯვარზე გაკრული ქრისტე,
მართლა წყლის წვეთებს ითხოვს…

ისკარიოტელს ეძახს,
მისი ცრემლები სწყურის,
მაგრამ არავინ ქვეყნად,
აღარ ათხოვა ყური…

რომ გავხიედე ცისკენ,
-ამოვისუნთქე შვებით,
იქ დავინახე ქრისტე,
მე მიმართრევდა მხრებით.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი