უკანასნელი იმედივით ..
უკანასნელი იმედივით ქანაობს ხეზე მისტრალებისგან დაფლეთილი ჭერმის ფოთოლი, დღესაც მარტო ვარ, როგორც წესი, ვსაუბრობ შენზე ამ დროს. მთაში კი ალბათ მოთოვა. ან რაღა ალბათ, სჯობს პირდაპირ ვკითხოთ ინტერნეტს. დრო იყო, ვწერდი წერილებს და შენთან მომქონდა, ამ ეპოქაში ინტერესსაც ვერ სთხოვ ინტერესს, მსგავს საკითხებზეე. მთაში ალბათ მართლა მოთოვდა. და ისევ "ალბათ" - "ალბათ" უფრო მიმზიდველია, ვიდრე "უთუოდ", "ესე იგი" ან ვიდრე "რადგან" - რაც დაგიგეგმავს ყველაფერი სისულელეა, ზამთარიც ისე ნაადრევად და უცებ დადგა. ეგ კი არა და ამ ბოლო დროს აჩქარდა დროც კი... მალე ღამდება სიძველეთა ჩემს მუზეუმში. ჭიქა - რაისი. გრამი - გლენი. ბოთლი - ვისოცკი. და ნიკოტინი (გემოვნებით). ხელს თუ შეუშლი კარის მეზობელს... - უკეთესი. მთაში მოთოვა. ამის ბრალია დილის სუსხი და მზის გაქრობა ჩვენს შორის. ანუ ძველებურად უიმედო ვარ, მაგრამ ჯანდაბას - ისევ აქ რომ ვარ ეგეც საქმეა. ყველაფერი ჯერაც წინ არი ან უფრო სწორად ყველა ფერი შენს ღიმილშია! ჯერ კიდევ შემრჩა ბოლო ნერვი, ბოლო სპირალი, ჩემი სიცოცხლეც შენ გაგიყავი და სანამ შენ ხარ მე სიკვდილი არ შემიძლია. მშვიდად იყავი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი