წამო.
წამოწვიმა. წამო წვიმას მოვეფეროთ თმებზე. წამოწვიმა წეღან ნარიყალას ახლოს. წამო... ავირბინოთ ზედაზენის მთებზე, ვარსკვლავები ვთვალოთ, მთვარეს ხელი ვახლოთ. შარშან რომ ვილოცეთ თეთრი ფიფქებისთვის გახსოვს? და ითოვლა მერე, მთელი ღამე თოვდა, მთელი... დაითოვლა მიწა და სამოთხეს ჰგავსო რომ ვთქვით... წამო... ქრისტესაკენ - სამოსელზე ვახლოთ ხელი. ფრთხილად! არ დაიწვა ხელი - მზეზე... წამო... წამომყევი სველი გავირბინოთ მიწა, წამო... ზაქესავით ავძვრეთ ლეღვის ხეზე - ისევ ბავშვები ვართ, უფლის სიყვარული გვიცავს. დაე, გვეჩხუბონ და დაე, გაგვიჯავრდნენ - ამინ გვჯერა სიყვარულის ჩვენ ხომ?! მერე ბანალურად ისევ გაჩერდება წამი... ისევ თეთრი კაბა... ისევ არხოტი და ჭერხო. წამო... წამომყევი წვიმას ვეთამაშოთ, წამო... წვეთ-წვეთ დავითვალოთ კოცნები და მერე ჩვენზე იჭორაონ, ცილი დაგვწამონ და გვწამონ... ფეხზე მკიდია და გული მერევ... გამაჩუმებ თითის ტუჩთან მიტანით და მეტყვი - როგორც ღმერთს უყვარსო, ისე შეიყვარე შენაც! მერე გაიელვებს, შეგეშინდება შენ სეტყვის, და თოთო ბავშვივით დაგბმება ენა. მკერდზე მიგიხუტებ, მინდვრის ყვავილივით ფრთხილად, მწვანე თვალებიდან ცრემლებს ამოგაცლი თითით... წამო... წვიმის წვეთი ავიყვანოთ შვილად - სახლი ავიშენოთ ცაში ან ცის იქით... მერე რა იქნება, ღმერთმა უწყოდეს და ახლა, სანამ წვიმაა და სისხლივით შავია ღამე. ციდან ან ცის იქიდან ჩამობრძანდი დაბლა, თორემ უშენობით მაგრად დავიღალე.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი