COLLARBONE


წვიმს და მეცინება, შენ რომ მახსენდები,
რომ არ მახსენდება სხვისი ლავიწები,
როგორც დახეული ლექსის ნაწყვეტები,
დაწვა რომ გინდა და ცეცხლშიც არ იწვება.

ვწერ და ყველაფერი კარგად კი არა და
ისე ცუდად არის - არ ღირს წარმოდეგნად.
შენთან მოსასვლელი გზაა მილიარდი,
ასი მილიარდი ფეხის წამოდება.

აბა მე რა ვიცი - ვინ სად დაეცემა;
ვინ მხარს გამარტყამს და ვინ ხელს 
შემაშველებს;
თან, ეს უბედობაც ისე გამეწელა,
ბედნიერებაც რომ ვეღარ შემაჩერებს
ხიდის მოაჯირზე ნერვებშემოწყობილს -
(ღიმილს ნიღაბივით ვისვრი მდინარეში),
მერე ვეღარც შენი ღმერთი შემიწყალებს,
ვეღარც ენქიდუ და ვეღარც გილგამეში,
როცა ცივ ღამეში, თბილი ფანჯრებიდან,
გოგო დაინახავს მტკვარზე მწოლიარე
ბიჭს და ამოარჩევს სიტყვას სარჩევიდან -
"მკვდარი" ან "თვითმკვლელი" - 
მაშინ მომიარე,
მაშინ ჩამოდი და ჩვენზე გაიცინე,
როგორც მე ვიცინი ამის დაწერისას,
ახლა ჩემთან ყოფნით თავს ნუ დაიმცირებ,
არაფერი ვარგა რადგან გაწელილი -
ვამბობ 
და ვასრულებ
ლექსს მრავალწერტილით...

წვიმს და მეცინება, შენ რომ მახსენდები,
რომ არ მახსენდება სხვისი ლავიწები.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი