ყვითელი. ლურჯი და ისევ ყვითელი ..
ყვითელი. ლურჯი და ისევ ყვითელი. ასფალტის მტვერი და მარლბოროს ნაფაზი. მინდა ეს მდინარე ფეხით გადავთელო და შენთან მოვიდე - ჩიტივით რაფაზე იჯდე და კენკავდე სევდის ალგორითმებს, ჩემზე ნუ იღელვებ წვიმაში დავჯდები ერთ ღერს გავაბოლებ და ღამეს მოვითმენ, არ დავიტანჯები ან დავიტანჯები, მაინც ყველაფერი გავლილი კადრია რა მნიშვნელიბა აქვს დგახარ თუ ეცემი, ღამე დაიმსხვრევი თუ დილაადრიან ყელს გამოგფატრავენ ერთგული მხეცები. თუმცა ამ თეზისშიც ბევრი ლაფსუსია, დიდი გაიძვერა ვინმეა მორალი, რამხელა მსგავსება,რამხელა აბსურდია, ასოთაწყობაში - ოლარი; ორალი; ცხოვრებაც ასეთი მცირე წვრილმანებით იხსნება, იკვრება და ყულფად იქცევა , მოდი ამ ყველაფერს თავი მივანებოთ, შეუქცევადია მოქცევაც, მიქცევაც... მე მსურს ეს მდინარე ფეხით გადავთელო. შენ იჯდე ბეღურა ჩიტივით რაფაზე. ოთახს ანათებდეს ჩამქრალი სანთელი. და ვცვლიდეთ დილამდე სიტყვებს და ნაფაზებს.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი