Pavillion
შენ მწერ, რომ პოეტს, რა თქმა უნდა, მეცნიერულად - სჭირდება სრული ჰარმონია, სრული წესრიგი, მე კი ვფიქრობ, რომ თუ პოეტი ბედნიერია (აქვე თავდებად დამიდგება ამბა ბესიკი) ის უფრო ვინმე მოხელეა, ვიდრე პოეტი, თუ ტკივილს მარცვლის გულაკრეფით, გამოზომილად, მესამე მხარეს თუ ვერ ხედავს ვერცხლის მონეტის, - "მშვიდი და წყნარი პოეტის გზა სად გაგონილა, სად გაგონილა უშფოთველი თვითონ პოეტი?!" რომ არ მტკიოდეს, სხვანაირად როგორ დავწერდი?! თუ კირი კირობს, ვის რად უნდა "მშრალი აგება"... ასი გზა იყოს, პოეტისთვის იყოს არცერთი... ვრცელ ბილიკს ერთი მინუსი აქვს - არ იკრაგება და მარტივია მრავალთათვის მასზე თარეში. პოეზია კი გზაწვრილია და რაც წვრილია უფრო დიდია, ნაღდია და ამის გარეშე არ იქნებოდა - რუსთაველი, ვაჟა, ილია, ჯაბუშანური, იაშვილი და ვიიონი, გალაკტიონი მითუმეტეს, მოკლედ ასეა - პოეზიაა ტკივილების პავილიონი და სულ ერთია ევროპაა თუ ევრაზია, პოეტს სჭირდება ტრაგედია გადასარჩენად, ეს უმთავრესი პირობაა, აქტი ურთიერთ შეთანხმებისგან შედგენილი - არ ღირს გარჩევა. დრამის გარეშე პოეზია მხოლოდ ფურთხია. რა ქვნა, ბუნებით ასეთი ვარ, რადიკალური! (სჯობს აქ გაჩერდე, საშიშია ღრმად ნუ გამოთხრი!) მწუხარებაში შემიძლია ზღვა სიხარული განვიცადო და ჯოჯოხეთის ცეცხლში - სამოთხე. სიკვდილზე ვწერ და სიცოცხლეში ვდგავარ ყელამდე, ჩემზე ნუ დარდობ, მე ვერაფრით დავითარსები, არ შემიძლია, რომ ზღვა ვიყო და არ ვღელავდე, რაც შემიძლია - იმას ვწერ და იმით ვარსებობ. ეს არის ჩემი თეორიის ზუსტი განწყობა, ვერ გადავაქცევ პავილიონს ჯართის საწყობად!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი