ინატრე ..
დავეცი, და ძვლები დამემსხვრა ბროლივით, ავარდა ორქთლივით მტვრის კორიანტელი, ჯოჯოხეთს ვეხიზნე სამოთხის ლტოლვილი, ტალახით დასვრილი მზისფერი ფანტელი. დავეცი, და ძვლებმა დაიწყეს ღრჭიალი, მოვარდა ნიავი და გულის დარაბა, დალეწა! – ჯოჯოხეთს ვეხიზნე ტიალი და საკნის მეზობლად მომისვეს ბარაბა. მეწვება სხეული, სულს ღრღნიან ცოდვები, ქურუმებს ჩემზე წინ დაუდგამთ კარავი, (ყოველ წამს ვკვდები და ყოველ წამს ვცოცხლდები,) მშველელ არა სჩანს, (არსაით,) არავინ!.. უწყვეტი ხმაური, გრგვინვა და კამათი, იცინის, ხარხარებს დემონთა თავადი, მოდიან სულები – იმათი, ამათი… რომელთაც უყვარდათ ცოდვებში ნავარდი. დღეს ცეცხლი განელდა, დაიკლო მდინარემ, უთუოდ სულებზე ლოცულობს ტაძარი, ბარაბა კი გდია სკანაში მძინარე, ვერ გამოვათრიე, ვერაფრით დავძარი. ხალხს ვხედავ, ო, ღმერთო საზარელ სახეებს, ნატანჯებს, ნაწამებს, დიდებს და პატარებს, ეს შიში სულს მიკლავს, ეს შიში მახევებს, მათ ვხედავ ცოხვრება ვინც ლხინში ატარეს. რამდენი წელია ცეცხლში ვარ ხვეული, აქ ერთი საათი, ათას წელს ედრება, ცხრა საუკუნეა მაწამებს წყეული, არა სჭრის მუდარა, ხვეწნა და ვედრება. დავეცი, და სულმა დაიწყო სლუკუნი, სიცოცხლე ადვილი – სიკვდილი ძნელია, აქ ყველგან ღამეა და არის უკუნი, აქ ყველგან სინათლის ანგელოზს ელიან. იცხოვრე ისე, რომ არ გერქვას იუდა, არ იყო ბარაბა, ჰეროდე, პილატე, ქრისტეს გზას მისდევდე ვირივით ჯიუტად, ინატრე, ასეთი სიცოცხლე – ინატრე!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი