ეკლიანი მსურს…


შენ ყოველ ღამით ისე გესმის ცოდვის ხმა, როგორც ვრცელ უდაბნოში, წვიმის წვეთის ქვებზე წკაპუნი…

ისე გათრობს და გახვევს თავბრუს მისი სურნელი, თითქოს ედემის ყვავილები გედგას გვირგვინად.

გიჭირს გაუძლო, მოერიო, თითქოს მარტო ხარ, თითქოს სამყარომ მიგატოვა, ყველამ გაგწირა, აღარვინ არ ჩანს, არც ნაცნობი და არც უცნობი. ტირილი გინდა, მაგრამ ცრემლიც თითქოს დაგიშრა, დამბლა დაეცა ფეხებს და ხელებს, წყვდიადი მოდის და გაქცევის ძალა არ შეგწევს. წინ ორი გზაა – ეკლიანი და დაფარული ვარდის ფურცლებით. თვალი ერთს ელტვის, სული მეორეს.

საით წახვიდე? რომელი გინდა?…

ადგილს არ იცვლი, არ გინდა, რომ სცოდო და შესცდე, მაგრამ თითქოს მორვეში მოხვდი, შენ სხეულს რაღაც უცხო ძალა თავისკენ მისთრის. რა გემართება? ხომ შეგიძლია, რომ თქვა უარი! გადაჭრა თოკი, ზურგი აქციო! მაგრამ იმდენად ტკბილი არის ვარდის სურნელი და საშიში ეკლის ბილიკი, ხმასაც ვერ იღებ, თვალებს აცეცებ, ეძებ ვინმეს, (ანდაც რაიმეს) რომ ჩაეჭიდო! არავინ არ ჩანს, არავინ მოგდევს, ისევ მარტო ხარ. კვლავ გზას უყურებ – აი, თითქსო ბოლოც გამოჩნდა, მაგრამ ისეთი ლამაზი და ტკბილი არ არის როგორც ბილიკი, იქ ურჩხულია, იქ ცეცხლია, ტანჯვა, ტკვილი…შენ გეშინია და არ იცი რა გააკეთო, ვერც შველას ითხოვ, არ სჩანს არავინ. ხოლო ის გზა კი თავდაპირველად, რომ იუარე, თითქოს განათდა, გაქარა ეკლები, ცაც მოიწმინდა, სიყვარული თოვს, უღრუბლო ციდან – თვალხილულად, სიყვარული თოვს!  ყვირილი გინდა, გინდა იტირო, გინდა გაიქცე – ძალა არ შეგწევს. სუსტი ხარ მეტად. ყველაფერი ყარს, შენი ხეულიც და შენი სულიც. გული გერევა… კვნესი და გმინავ ტკივილისაგან..

იქ კი, იმ გზაზე, რომ იუარე, სიყვარული თოვს! ისე აშკარად, ისე ცხადად… ყველა იცინის, და ყველა ხარობს, იქ ვიღაც არის, ისე დიადი ისე წმინდა, რომ ვერ აღიქვამს შენი გონება. გიკვირს – ვინ არის… პირველად ხედავ – ის შენ გიყურებს, როგორც მამა და მეგობარი… შენც თითქოს იცნობ, ვერ იხსნებ, არ შეგიძლია.

და მან მოგიხმო – მე გაპატიებ!
შენ გაიოცე – ვინ ხარ ბატონო?
-მე ვარ იესო შემოქმედი შენი სამყაროს! მბრძანებელი ვარ, და მეგობარი! შენთვის ჯვარცმული ღმერთი ვარ!
-ჩემთვის უფალო?
-შენთვის!

შენ დაიბენი, თითქოს შეგცივდა, კანკალებ, ზამთარში გარეთ დარჩენილი ძაღლის ლეკვივით, ცრემლები მოგდის, თვალებს აცეცებ – ყველგან ღმერთია!

მაღლა და დაბლა, ყოველ სულდგმულში, ყოველ ნაყოფში, ყოველ სუნთქვაში…
სულს გრძნობ – დამპალ სხეულში, რაღაც შენზე აღმატებულს გრძნობ! – ეს უფალია, ის შენშია, და ის გეძახის… სიყვარული თოვს! ისე აშკარად ისე ცხადად… სულ განსპეტაკდი, ნათელი გმოსავს და გიხარია, ბედნიერი ხარ, ზეცას უყურებ, ხმამაღლა და მკაფიოდ ამბობ:

-ეკლიანი მსურს, დაე უფრო დამძიმდეს ჯვარი! არაფერია, არ მეშინია, სიყვარულში არ, არის შიში! ღმერთი დიდია, შეუცნობი, დაუსაბამო. ის ჩემთან არის და არასდროს არ მიმატოვებს! მე ღმერთს ვუყვარვარ!


“სულნი და სულნი მართალთანი, შენ გაქებენ უფალო! “

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი