ჩვენი სიყვარული წაუღე…
-დე ბუხარი აანთე რა.. ცივა. -ცივა?.. კი მაგრამ, ახლა ხომ ზაფხულია შვილო?… -ვიცი დე.. შეგიძლია ბუხარი აანთო?.. … -რათქმაუნდა, მაგრამ.. -დეე.. -კარგი ავანთებ..! -დე მცხელა, ფანჯარა გამოაღე რა.. თან იმ ბეღურას, მგონი შემოსვლა უნდა… -ეხლავე შვილო… -დე რა ქენი?… რატომ დააფრთხე ბეღურები..? -შენ არ მითხარი გამოაღეო?… -ხო დე… -დეე… დეე… სად ხარ, ცივი წყალი მომიტანე რა.. -ეხლავე შვილო. -დე ეს რა არის?.. ძალიან ცივია, ყელი მეტკინა. -ცივიო არ მითხარი შვილო? -არ ვიცი არ მახსოვს… დე გინდა ხელის გულზე ერბოკვერცხი შეგიწვა?.. -არა..! შენ ხარ ჩემი ერბოკვერცხი შვილო… -მეძინება დე.. ზღაპარი წამიკითხე რა.. -ზღაპარი?.. -ხო დე, მომენატრა.. -ეხლავე მოიცა.. როგორი ზღაპარი გინდა შვილო?.. -ისეთი დეე.. სადაც ადამიანები ერთმანეთს არ ჭამენ..! სადაც ბოღმა და შური არ არსებობს..! სადაც მხოლოდ სიმართლე და სიყვარულია დე… -ეჰ დედი… ეგეთი ზღაპარებიც კი აღარ არსებობს.. -კარგი დე.. დავიძინებ. -დეე… დეე.. სად ხარ დე..? -აქ ვარ, რა მოხდა შვილო? -ცუდი სიზმარი ვნახე დე.. -რა ნახე.. მომიყევი აბა… -ძალიან ცუდი სიზმარი დე.. ძალიან.. ოცნებებს მართმევდნენ.. სიმღერას მიშლიდნენ.. სულს მპარავდნენ დე.. სულს… -ნუ გეშინია შვილო… ეგ მხოლოდ სიზმარია.! -მართლა დე?.. მხოლოდ სიზმარი იყო? -… არ ვიცი შვილო.. არ ვიცი.. -დე მოსაღამოვდა უკვე.. -ხო, ვიცი შვილო.. -დე დროა… -რისი დროა?.. -უნდა წავიდე.. -სად უნდა წახვიდე დედი?.. -იესოსთან დე.. თვითონ მითხრა.! -ვინ რა გითხრა შვილო?… -იესომ დე, დრო არისო.. -რისი დრო დედი?.. -სიცოცხლის დე.. უნდა გავცხოცლდე.. -კი მაგრამ, შენ ხომ ცოცხალი ხარ შვილო?.. -არა, ჯერ არა დე.. დეე.. იცი?!. მეშინია.. რა უნდა ვუთხრა დე?.. ვარ კი ღირსი, რომ მის წინ ვიდგე? მრცხვენია დე.. რა უნდა წავუღო?.. ცარიელი გულები?.. დახშული ყურები თუ უსინათლო თვალები?.. ზიზღი და სიძულვილი უნდა წავუღო დე?… მითხარი, მითხარი დეე.. რა უნდა წავუღო?.. -ჩემი სიყვარული წაუღე შვილო!.. -ჩვენი სიყვარული წაუღე!.. 2010 წ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი