სალბუნად გულისა


1
მრწამს, მისის სარჯლით აშკმული ჯოჯოხეთს პირი იცოდა,
მას ვევედრები, რომელმან არარა ცოდვა იცოდა;
მას შემწედ ვხადი, მის წინა ვინ სულის წმინდით იცოდა,
შემინდოს ყოვლი რეგვნობით, რაც ჩემგან რამე იცოდა.
2
გამსაჯა მიწყივ სოფელმან, უფრო ყველასგან აჯამა,
არ შემიწყალა არათი, არ გამომართვა აჯა-მა.
ამავსებინა ცრემლითა კალთა, ფიალა, ა ჯამა,
მწვე მომაწყინა სოფლისა ასე უბრალოდ გარჯამა.
3
დაუტევე სახლ-სამყოფი, თვისნი ტომნი, მონაძები,
დავკარგულვარ უცხოს თემსა, ვარ არვისგან მონაძები.
ვინ დამბადე, შემიწყალე ყველასაგან მონაძები!
შემომძარცვე, რაც მაცვია, ჭირი, ჭმუნვა, საძაძები.
4
დამეკლიტა ლხინთა ბანი, მორჩომილა განა კარი,
ცხრა მწვერვალი სახმილისა გულშიგან მაქვს განაყარი;
დამილტვია უბე, კალთა, წინც ბევრი მაქვს განაყარი.
რა ბრალია, შენი მჭვრეტი ექმნას სულსა განაყარი.
5
ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყოს «მაჯამა».
ცრემლთა ნაკადმან აავსო, ნახეთ გაცნობოს მაჯამა,
დამწვა სოფლისა საცთურმა, ვეღარა სცემოს მაჯამა.
უკეთ არ მწამდე ამისგან, მკითხოს მეჩიტმა, მაჯამა.
6
მომინდა საწყალთ ტრფიალთა ცეცხლი მოუდვა, ალები,
ვადინო დაუწყვეტელად თვალთა ცრემლისა წყალები,
საყვარელისა შორ-ყოფნით გავხადო შესაწყალები;
სოფლის მიმყოლთა ყოველთა სცნან, როგორა სჭირს ძალები.
7
კეკლუცთ ზედა ხარ ხელმწიფე, ტრფიალთ ცეცხლს უდებ, მალამით.
მანდით ნასროლმა ისარმა გული გამიპო მალ ამით.
სხვას ვისმცა ეძლოს კურნება, ცუდად შვრებიან მალამით,
მიჯნურნო, მოდით, მიტირეთ, ცრემლი მავასხეთ, მალამით.
8
გიშრისა მშვილდმა, მელნის ტბამ, გლახ, გული წყლული მიწამა,
ბროლმა და ლალმა გარევით ლამის დღეთ სიგძე მიწამა,
ცრემლი მდის მიწყივ თვალთაგან, ვეჭვ, გულმა შენმაც მიწამა,
რად არ გეწყალვის მიჯნური, შეშჭამოს უდროდ მიწამა.
9
მხნეო, შენს გარდამკიდესა მჭირს ასე ძნელი ჭირები,
ფარვანებრ ვიწვი, ბულბულებრ ეკალთა შინა ვირები,
უსჯულოს ვისმე, გლახისებრ მაქვს ესე განაჭირები;
იმ სოფელს ვერას ვიკეთებ, აქა მაქვს ლხინი ძვირები.
10
ვარდს ყინვა ფერსა ვერ ართმევს, იგი მას მისსა წილებსა,
სახმილი მძაფრად მგზებარი არ ადნობს ისრე ცვილებსა,
ქასრი ვერ გასთლის რკინასა, შენ რომ სთლი კაცთა გულებსა,
ბასრი მკვეთელი შიშველს ტანს რით დასდებს ამა წყლულებსა?
11
ცეცხლს უგავს ღაწვი, ცეცხლისგან უფრო მწვავს, უფრო მედება
რა ვნახე მიწყივ საჭიროდ, ფეხი მახესა მედება;
მიმტაცა სული დღესიქით, რას მარგებს გულის მე დება?
მიტირონ ძმათა საწყალი, ან და თუ ვინმე მედება.
12
რა მოვიღო, ეს არ ვიცი, შენთვის მსგავსი იგავები,
გაგიძვია, დიაღ, მიღმარ სიგონჯე და იგ ავები,
ტრფიალთ შენთა სალაღობოდ იწმინდები, იგავები,
ჭირსა ძნელსა გაუხსნელსა ამ საქმითა იგ ავები.
13
ციხეს ზიხარ მეტად მაგარს, არვის ძალუძს შოვნა ძალად,
ნებით კარსა არვის უღებ სამოთხეში შესავალად;
ისარს ისვრი წამწმისაგან, ცეცხლს გარ უდებ ტრფიალს ალად,
ვერ გაუძლებს ვერცა ერთსა, გული იყოს ბასრად, სალად.
14
ლექსსა მივყევ სამიჯნუროს, ვარ ტრფიალი, განახელი,
დამიწუხა თვალნი სხივმან, ვეღარა ვქენ განახელი;
გიშრის თხზულმა ტოილომა გული შეკრა, განა ხელი!
შეყრასა ჰგავს მზის და მთვარის, თუცა თავი გან ახელი.
15
რა ვარდმა პირი გაშალოს, გაღიმდეს, გაიცინოსა,
მაშინღა მისმან მჭვრეტელმან ნეტარ რათ მოიწყინოსა!
მწვანეზე წითლად ნაშალსა ზედ ცვარი გაეყინოსა,
მინახავ მაშიგ მავალსა, შენ იგი მოგეყივნოსა.
16
ყვავილსა მრავლად შეყრილსა მათსა სამყოფსა, კანებსა,
მწვანეს ხავერდად ნაშალსა, შიგ რუსა მომდინარებსა,
ალვის-ხე მაშიგ მდგომელი აშვენებს ბაღთა არებსა,
კეკლუცთა შიგან მყოფელი, გავხარ მის შესადარებსა.
17
მზესა შუქსა რომ წაუხვამ, ხომ არა ხარ, რომ ვთქვა ღამე,
ვარსკვლავების მიფარებლად მზესა ჯობხარ კინაღამე,
მთვარის უფრო ბნელს ანათებ, მას რას ვაქნევ იყოს სამე.
ჰე, ზოჰალო, მისი შედრა, თუ შეგეძლოს, შეიწამე!
18
ჩრდილოს ვარსკვლავი მის ადგილს ზის, არა არ აკლდებისა;
ყოვლი მნათობი მთიებნი გარშემო მას ევლებისა;
მის გარემოსა მიწურვა ვერვისგან შეიძლებისა,
მას ბაძავ, ღაწვნი მიჯნურთა რა ეკრთოს, დაიკლებისა.
19
მაისში კარგად მოსული ქარით ღელევდეს ყანაო,
წყლის პირსა მდგომსა სათიბსა ნიავი სძრევდეს ანაო,
მიგიგავ დაძვრა წარბისა, ვით შექმნა აგრე მანაო.
ხამს, რა ვერ გჭვრეტდეს მიჯნური, გულსა დაიცეს დანაო!
20
სრულად სიბრძნისა საუნჯის კარი რაც მქონდეს, დამეღოს,
ან მაგალითი პლატონის, ან პითაღორის დამეღოს,
ვჯდე გულის მზრახად სამუდმოდ, თავი ქვე სადმე დამეღოს,
საკადრად შენსა ქებასა ვერ ვიტყვი, სულიც დამეღოს.
21
მას პირი უგავს ბროლსა და შიგ ლალი გამჭვირვალობსა,
ბაგე - ვარდისა ფურცელსა, კბილნი მარგალიტს ძალობსა,
ტანი - ალვასა მრხეველსა, მჭვრეტელნი მწვე საბრალობსა;
მე გაუხდივარ ქარვად და ტან-ლერწამ რომ უწყალობსა.
22
თვალი მიგიგავს ჯერანსა, წარბი ზანგუბრელს, სულო, და,
შენმა ბაგისა ციმციმმა ფერი ყაყაჩოს სულ ოდა,
ალმასის პირის სადარით ხამს მზისა სხივი სულ ოდა,
საბრალოს შენთა ტრფიალთა, სიცოცხლევ, გული სუ ლოდა.
23
ენახათ მისი სიტურფე, გული სხვაგვარად ქცეოდა,
ეტყოდა თავსა, არ ვიცით, აწ რა ნუგეში ქცეო და,
ხამს, ამ ჭირისთვის თუ გვეძლოს, შეგიპყრათ სვეო, ქცეო, და.
მართ მისწუროდათ მათ სული, გასცლოდა, გაცაქცეოდა.
24
ღაწვ-წითელი და თმა-გრუზი, კბილ-თეთრი, თვალი შავია,
შვიდთა მნათობთა ვარსკვლავთა არ ძალუცს მისი დავია,
სუფთა, წყნარი და სათუთი, კეკლუცთა მოსართავია,
უკვდავებისა ბაგები ვარდ-შაქრით შენაზავია.
25
თვალს მისცემს წყალსა პირველებრ, რა ნახო სული და გული,
ყვავილისებრივ გაშალოს მისგანვე გული დაგული,
გააღოს კარი ლხინისა, ჭირისა კარი დაგული,
გაშალოს ვარდის კუკური, ჩემშია მისი დარგული.
26
რა მზე გარდაჯდეს ვერძზედა, აერმა შექმნას თბობანი,
ამწვანდეს ტყე და მინდორი, მფრინველთ დაიწყონ ხმობანი.
აყვავდეს ყოვლი ქვეყანა, ტრფიალთა შექმნან დნობანი;
ქართლსა გაჰყროდეს, ისპაანს კაცს მიხდომოდეს ნობანი.
27
რა სჯობს მაისში ტფილისსა, ვარდი გარსკვლავებრ ესხასა!
მწვანედ ღელევდეს გარემო, ცვარი ცის მაზედ ესხასა,
თუ არ უშმაგო, ვინცა ქნას, მაზედა რითმე ესხასა?
მე ასე მითქვამს, უთუოდ ის კაცი იყოს, ეს ხასა.
28
ბულბულისა რაღა გითხრა მრავალფერად მაზედ ხმობა,
გლახ, მისისა მიჯნურისა მუსიკურად შესხმა, მკობა,
თავს დაბრუნვა, ზედ დაბნედა, რა მობრუნდეს, ჭიკჭიკობა,
ტრფიალთაგან საანდაზოდ მათგან მაზედ არაკობა.
29
ჭიკჭიკობდეს ვარდს ბულბული, ზედ ხე იდგეს ჩრდილის ფენით,
მის ქვე იჯდეს მოყმე ვინმე, მხიარული ხმობდეს ენით,
თვით გვერდთ უჯდეს მისი ჯუფთი, მინა თასზე მონადენით,
რა ბრალია, საწუთროო, იგი შექნა ცრემლთა დენით!
30
ცაცხვი დგას ტურფად ნაზარდი, შტო მსხვილი, შუა ვაკესა.
ყვავილი ფერად-ფერადი გარ უდგას მისა ბაკესა,
მუნ ფარაღათად მსხდომელთა ლხინი რათ გაინაკესა?
სმენ უცხოფერსა ღვინოსა, კულები არაკრაკესა.
31
გაზაფხულზე დიდგორს ჩირთი არა ჰქონდეს განაშალი,
მუნ მივიდენ სანადიროდ, ვაჟკაცთ იწყონ: «კარ, გაშალი».
ჯერგა მაღლა მოიძახდეს, ნადირთ მისცენ რბენას ძალი,
აქ დასცენ და იქ ისროდენ, გააწითლონ სისხლით წყალი.
32
ლილოს ტბაზე წეროობას, ნეტარ, რამცა შეედარა!
შავარდნისა ნადირობით ვისმცა თავი შეეზარა!
ჩირგვის მწყერს და ღალღას ხოცდენ, სეფქით გორად დაეყარა,
მუნ მწვანეზედ კარვად დასხდენ, ლხინსა ხელი წაეყარა.
33
ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად,
მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად,
რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქნოდეს სატევად!
სისხლისა ცრემლსა გაეწნას, გუგა საბრალოდ სატევად!
34
რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით,
მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით!
ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: «ძელი ძელსა გარდადენით!»
თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის, გარდადენით.
35
კოჟორიც ითქმის ერთ რათმე, თუ ჰავამ არ იაოსა,
ყვითლად ყვაოდეს ბაია, ნარგიზი ვერ ედაოსა;
მუნ ბულბულისა ზახილმა კაცს სევდა მოაქაროსა,
ხოხბის და კაკბის ლაპობით, ვეჭვ, თავი შეგაზაროსა.
36
შუას ივლისში თრიალეთს სხვა თემი რამც ედარაო,
ჯერ მწყერაობით შექცევა, თუ ცამცა მოიდარაო,
მერმე ქციისა დასაგვლა, ორაგულს ჰყრიდენ გარაო,
ჯერით, ზიდვით და აკიდვით ყოვლთ თავი შეაზარაო.
37
წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზედ მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით,
იჭერდენ მაშიგ კალმახსა: «დაჭერ» - იძახდენ - «ასერით!»
კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით.
მისმან მნახავმან ეს მითხრას, ეს ისე ვაქო ასე რით?
38
მაშინ შამბიანს მთა-ვაკე მრავალფრად აყვავდებოდეს,
ბროლისა მსგავსნი წყარონი ციმციმით მოსდინებოდეს.
სამოთხის მსგავსის ჰაერით გულს ჭირი მოლხინებოდეს,
ცუდი ცდა არის, გაყრილსა სხვით გული დაედებოდეს.
39
რა მიმართონ მისა მზღვარსა, მხიარულთა დაიბარგონ,
მას ღამესა რაც მართებდესთ, იარაღი მოივარგონ,
დილას ჯელგა შემოხვიონ, თავის მკვრელსა კარგად არგონ,
სწყვეტდენ, ჰხოცდენ, სისხლის მათით სევდა სულა დაიკარგონ.
40
ჯერგის მფთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს;
დამაშვრალსა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს,
ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს,
უგზავნიდენ დანიშნულთა თვისსა, გინდა ედებოდეს.
41
როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია,
გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია,
კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია,
ვაჲ, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდათ სა გალია!
42
ამას უკან მხიარულნი, გაემართნენ შავნაბადით,
ფარავანზე შექცეულნი თევზსა სწვევდენ მუნა ბადით,
არჩვსა ხოცდენ, სხვას ნადირსა, თუ რამ ჰქონდეს მთას ნაბადით.
მნახთ არ აქონ, ვით იქნების, თუ ქვეყნად არს იგ ნაბადით.
43
ნუ გიკვირს, რომ ტბის-ყურისა ქება ვერ ვთქვათ ახლა სრული,
გაიხსნების უცხოთ რათმე მუნ შეკრული მწარედ გული;
ხენი ზრდილნი ტურფად რათმე ნაპირს უგავს შემორგული,
სხვა კალმახი მის კალმახთან დიაღ არი დაკარგული.
44
ხევ-ღრმა რისათვის დავაგდოთ, ან ფილტვიანის არები,
მინდვრად მოსული მანძილო რქა-მაღლად ზრდილი ხარები,
კვლავ ნიამორი უცხონი, დომბისა შესადარები.
გაამოს ერჯევანმაცა, თუ დაგხვდეს კაი დარები.
45
რა გათავდეს ეს შექცევა, კვლავ მოვიდენ ისევ ტფილისს,
აბანოსა განისვენონ, ქებაც ითქმის მცირე ძილის;
სანუკარი მრავალფერი სიმრავლეა უცხო ხილის,
იშვებდენ და იხარებდენ, ვის რა ჰქონდეს, თავის წილის.
46
თუ გაკითხვა სოფელს ჰქონდეს, კაცი ძაძოს იქ რათ წეროს,
მუნებური შექცევანი ვინ აღრაცხოს, ან ვინ წეროს?
აიყვანონ გავაზები, მხარ-ბარკალსა სწყვეტდენ წეროს,
შავარდნითა შექცევასა, ვაჲ, სოფელო, მიმაწევ როს?
47
შემოდგომაზე სომხითმა, ვეჭვ, თავი მოგაწონოსა,
ახალს გამოსულს ქორებსა ფრთა კარგად დაესწოროსა,
ხოხობი მაღლა ფრინევდეს, კაკაბი დაეღონოსა,
ტაბლით ნამაღლი იხვები კამარით ქვეშ ეგოროსა.
48
ძოვნია არის საქები, ვაჟკაცთა გამჭიმავია,
ფიცხლად დახლტოდეს ყურდგელი, სროლაზე ჰქონდეს დავია,
იქცევდენ ბევრგან მწევარნი, ზოგისა დამჭირავია;
ბერნიც ამგზავსოს ყმაწვილსა, ეს, მითხარ, როგორ ავია!
49
ხუნანამდი დღივ და დღივე მიწყივ ჰქონდეს ესე ყოფა.
დებედას და ქციაზედა გულს არ უყონ ლახვარს ყოფა,
ოყარს გავაზს ადევნებდენ, ისა ჰყვაო კარგა ყოფა.
აწ ტფილისივ მოიგონონ, კვლავ არ უყონ იმას ყოფა.
50
ცოტას ხანსა მოისვენონ ყარაისთვის განახელთა,
დროთ მისწერონ ყოვლთა წიგნი ამ საქმეზედ მათ მხმობელთა,
მოკრფეს ჯარი სატურფალი, «ვახი» ჰქონდეს მუნ მჭვრეტელთა.
გაემართნენ მხიარულნი, მიგრაგნიდენ მთა და ველთა.
51
ლოჭინს შეექცენ კაკაბსა, სად ჩადის მცირე წყალია,
საჯოგის ჭალას მივიდნენ, ცეცხლს ჰქონდეს მაღლად ალია,
მეორეს დღესა ხოხობსა დამართონ დიდი ძალია,
ტყე მოირეკონ, ნადირთა გაავლონ ერთპირ ხალია.
52
ნაგებით დაგვხვდეს ყორუღი, ტახი ლომებრივ მბრძოლია,
ირემი, შველი სახუნდარს ფირცხლად რამ შემომსვლელია;
მაშინ ხამს თვალის სიმარჯვე, ხელი ფიცხობის მქნელია,
მიართვან მეფეს მოკლულნი, კვლავ მიჰყონ ლხინსა ხელია.
53
ჯელგა ნახონ, გარდასთვალონ, სულ მოსულა, ანუ არა,
გარდამკვრელი გააჩინონ, გააყენონ მათგან გარა,
მათ ასწერონ, ვითა ხამდეს, ვინ ვისთანა დაეკარა.
შუაღამეს გაემართნენ, რად ვისმემცა დაეზარა.
54
შემოარტყან მინდორს ჯელგა ცხენ-ფიცხელი, მუხლად მალი,
დაეკარნენ, ნელა მიჰყვნენ, მათგან იყვნენ დაუმალი;
მუნ ქურციკი შიშისაგან შექნილიყოს მწვე საწყალი,
ლიკლიკასა მონარბენსა ზოგმან მოჰკრას ვერცა თვალი.
55
რა გითხრა მაშინ მუნ მყოფთა კეკლუცად მოვანებანი,
ბედაურთ ცხენთა სიმსუქნე, ან უცხო რიგით მკობანი,
იარაღთ ტურფად გაწყობა, არა თუ ცუდად დებანი,
მტერთა საჭიროდ სანახნი მოყვასთა იმედებანი.
56
ცხენი ჰყვანან ბედაურნი, კაცი ლომთა შესადარი,
მათ ქარქაშნი გაუწყვია მტერთა მათთა შესაზარი;
მწვე ხმარობენ სადავესა, არც მკლავი აქვსთ მოუხმარი,
თრთოლა მოსდის მოსვლისათვის, დგას ჯერნისა ბევრგან ჯარი.
57
რა მოსვლა შექნას ნადირმა, გაუხდეს მათის თავითა,
მათრახი მის დროს იხმაროს, მშვილდსა დაზიდონ დავითა,
წინ გარდამხტალს და მართალს მხარს გაეწყვნენ კარგ-სადავითა,
ზოგი იქ დასცენ, ზოგს დაჭრილს მისდევდენ მისად ავითა.
58
მათთა ცხენთა სირბილითა მიწა თრთოდეს, ვითა წყალი,
ცას ღრუბელად მტვერი ჰქონდეს, სისხლი ველზე განაშალი,
ზედ ეყაროს მუნ მოკლული მათგან სულა შეუწყალი.
სხვა მისებრივ თუ გენახოს, მე გამკიცხე, ან მომკალი.
59
რა აშალეს, ჯარი მოდის დაფანტული, დანაწყვეტი,
მხცოვანი და ბერიკაცი მუნ შექმნილა განარეტი,
ერთმანერთსა ვინც წაუსწრებს, რბევა არი მეტის-მეტი,
ჩოხოსანთაც აუღია მათად სამტროდ ხელთა კეტი.
60
რა გაათაონ, ზოგს ჰქონდეს მოწყენა მიუთხრობელი,
თავსა მართლობდენ მიზეზით, გამოჩნდეს მათიც მთხრობელი,
ზოგი თქარ-თქარით იხარებს მათი გულისა მდებელი,
ზოგნი ცილობენ: «მე მოვკალ, შენ ძალისა ხარ მქებელი».
61
მოდიოდეს აწ მოკლული, ბატონს წინა იდგეს ხორა,
ზოგს უბოძოს, შინ გაგზავნონ, სხვა რა იყოს მისი სწორა?
მოკვლისათვის ცილებაა, ვინ კარგათ ჰკრა, ან ვინ შორა.
ამ ლაღობით ლხინად სხედან, ამის უკეთ იამო რა?
62
არ გაძღენ სისხლთა მათთაგან, არ შეიცოდეს მკვდარია,
მაღლიანს ჯელგა მოასხეს, შექნეს ზეიმი, ზარია;
ფრანგთ ომს ამსგავსეს, რაც მათგან მუნ თოფი განაყარია.
ჰყრია მოკლული მრავალი კაცთაგან მოუხმარია.
63
მათ მიმართეს აღრინტალსა, კიდევ ჰყარეს მასცა ხელი,
ქორს და ძაღლსა ადევნებდენ, ხერხსა ცდილობს მისებრ მელი;
იქაც შეხვდენ ნაფთხალს ჯერანს, რა გაფანჩვით იყვნენ მსვლელი,
ცარიელად გამოსულთა დევნა უყვეს დიაღ ძნელი.
64
ამას უკან სულისათვის უდაბნონი მოილოცე,
წმინდას დავითს თაყვანი-ეც, ერთი მადლი გაიოცე,
ბერთუბანო ჩიჩხიტურით, ცოდვა ჩემი ამიხოცე!
ნათლისმცემლით წამებულო, დოდოვ, მტერი დამიხოცე!
65
მიუნდობო საწუთროო, მოყვსისთვისც ხარ მიწყივ კრული,
ჩალხისებრივ ბოლოს თავსა, თავს ბოლოს ჰყო მოარული;
თვით ეს ყოფა კაცსა ჰქონდეს და შეჰქნოდეს დაკარგული,
როგორ გასძლოს მან სიცოცხლე, თუ არ ჰქონდეს სალებრ გული?!
66
პირველ მალხინა სოფელმა შანბიანთ არე-მარებსა,
ყარაიას და სომხითში, დიდგორის გასახარებსა,
სხვას რას შექცევას, რას შვებას, არ კაცთა დასაზარებსა,
აწ დამსვა მარტო, გასჭვრიტეთ, ქუჩუქას სახლსა, სარებსა!
67
რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია?
ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია?
აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია,
შალგსაც ყვავილი დაარქვეს, მას თავი მოუწონია.
68
აწ გავათავე ლხინი და ვთქვა ჭირი შეუწონარი,
სიყრმითგან ჩემი მწირობა კაცთაგან მოუგონარი,
რა სიგლახაკე, შიმშილი, სიშიშვლე დასაღონარი.
მამაძებნინეს წერაქვი, აწ გამიჩნდების ონარი.
69
მზეს ღრუბელი მოეფაროს, დააბინდებს, დაცაჰფარავს,
ვარდი მზის შუქს რა ვერ ნახავს, ფერს წაართმევს, დაცაჰქარავს,
აწ მეც შევხვდი ამგვარ დღესა, შესაწუხარს, შესაზარავს,
ვერ ვეწიო საწადელსა, ვაჲ, სოფელი დღესა მპარავს.
70
ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი,
ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი,
სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ-ავი,
დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი.
71
შეკრბენ ჩემზედა თვისტომნი, საყოლთაც მომიძულესა,
ვინც მხევალთაგან შიშობდენ, მანც ჩემზე კბილი ილესა;
გამომიმეტეს საკვდავად, რაც მქონდა, განიწილესა.
ვის ვიმედობდი, მათ უფრო გამკიცხეს, გაცამკილესა.
72
ორბს ვინმე სტყორცა ისარი, ეცა, ქვე იქმნა მდებარე,
განკვირდა: «ჰაერთ სიმაღლე რა მომწვდა გულსა მგებარე?»
გასინჯა, იცნა მისივ ფრთა ისარსა ზედა მწებარე,
თქვა: «ჩემთაგანვე მომედვა ცეცხლი უშრეტი, მგზებარე».
73
მათ უგბილთ და უმეცართა რათ მომიდვეს ცეცხლის ალი,
რა ვაწყინე ასე ძნელი, რა მიადგათ ვისგან ძალი?
ყველა ფიცით მპირდებოდენ, არვინ მყვანდა შემომწყრალი.
ეს არ ვიცი, რა შევცოდე, შემქნეს ასე შეუწყალი!
74
თავი დავაბი ჭირსა და ვზივარ უხსნელსა კარებსა,
წამ-და-წამ ვისმენ ამბავსა სამსალის უფრო მწარებსა;
ავს მექადიან სიკვდილსა, მტერთაცა შესაზარებსა.
მაინც მოველი ღთისაგან დროს რასმე გასახარებსა.
75
არ ისმინეს მოციქულთა, თორმეტი ხმობს, გინა ათი.
ვისცა ძმა სძულს, სიყვარული ღვთისა მწამდეს მათგან რათი?
მოყვარე ვართ, რჯულით ძმანი, ერთხელ ვიყავ მეფეც მათი,
არცა ერთსა არ მიხედეს, გამიკეთეს უცხო ხლათი.
76
არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა,
უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა;
კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა,
აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა.
77
ყმაზე წამიხდა წყალობა, ცუდ რაცა სამსახურები,
ამხანაგთზედა სიკეთე, სხვათაგან შესაშურები,
ძმათა და თვისთა მოყვრობა, რა ჩემგან მოსასურები.
განმაძეს ასე უბრალოდ თვალთ ცრემლთა მომაწურები.
78
მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე,
ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე.
სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არ ე?
ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე.
79
ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა!
მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა.
ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა.
დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა.
80
რას ვაბრალებ საწუთროსა, ვამბობ, მიყო ამან ესო,
რაც მე შევსვი შესასმელი, ესე ხელსა ვისცა ესო?
ვარდი მედგა ბაღსა ჩემსა, არ თუ სამე ნარი ესო,
მე აღმოვფხვარ, სხვას ვის ეძლო მისთვის რამე ძირსა ესო?
81
საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი,
მრავლად იდგა ბაღსა მისსა ხილი მწიფე, მონაწევი,
რაცა მწადდა, მას ვიხმევდი ხელით მქონდა მონაწევი.
ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად იქით-აქეთ მონაწევი.
82
აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს,
ვინც ა ღვთისა მიუნდობლად, რამც იკეთოს, რამც იხაროს?
ესეგვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს.
კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს!
83
განმიფრინდა სვისა ქორი, არ თუ არი განახადად,
ბედი, სვე და სპა და ჯარი ყველა მექმნა განახადად;
ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად,
მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად, განა ხადად!
84
ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხო ჭირსა ვარდია,
საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია;
მკვიდრი უმკვიდრო შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია.
ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია.
85
ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა,
მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა და,
ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და,
რა მწვე მიჯობდა სიბრძნითა თავი სხვარიგად მეცადა!
86
ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა,
ზე-აღმართული სვე-ბედი ანაზდად ვნახე მეხარა,
სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამას წინათ მეხარა,
არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა?
87
მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო,
სოფლის ნასთთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო,
რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისამებრ დაწყვეტილო,
სახელოვან ბიძა-ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო!
88
მეფეს არჩილსა სძრახევდენ, სხვას თემს რომ იყო მვლელია,
იგ ანთებულსა სახლ-კარსა შეექნა დამანელია;
მეც მასვე მძრახვენ, აქ მოველ, მაშ, რა ვქნათ, რა საქნელია?
მას ლომსა, ვეფხებრ კისკასსა, ჭკუა ჰქონია მთელია.
89
იადონისა მოწყენა ხამს ვარდსაც დაეზაროსა,
დაჭკნეს სამოთხის ყვავილნი, რაღათი გაეხაროსა?
მათთვის ყაყაჩო-ზამბახმან ქვე თავი დაიხაროსა,
ნარგიზმან, ია სუმბულმან სატირლად მათკენ აროსა.
90
თუცა უთქვამთ, დარამ არი ეტლნი, სვენი და ბედია,
მაგრამ ამათი მიყოლა ბრძენთაგან გაუბედია.
იგია ყოვლის მპყრობელი, ყოველთა ზედა მხედია.
სოფელი - ჩვენი მესისხლე - ზღაპარი არის, ყბედია.
91
სოფლის ხლათის დაფაცვრითა ჭირს დავები გაუგებსა,
უცხო რამ სჭირს, ზოგს ლხინს მისცემს, ზოგს ლახვარსა გაუგებსა;
ზოგს აგორებს ეკალზედა, ზოგსა ვარდსა გაუგებსა,
ზოგს ძირამდის სახლს დაუქცევს, ზოგს ქორედად გაუგებსა.
92
მე სანთელი მრავლად მნთები მეყსა შინა მექრალება,
არ დავარდი, მეცა მომხვდა სხვის დამწვრისამებრ ალება.
ვჩივი, თუცა არვინ მისმენს, რა ვქნა, თავი მებრალება.
ვერრა ვირგე, მომეწყინა ესოდენი მე ბრალება.
93
ერთა ღმერთი არ იწამეს, ბერთა რჯული შეურაცხყვეს,
არას კერპსა არ უქნია, ჩემ საქმეზე იმათ რაც ყვეს.
მოლა ღმერთსა მახვეწებდა, ჩემთა მკვლელთა ბერნი დაყვეს,
ჩემს ცოლშვილთა ტყვედ ეძებდენ, საქონელი იავარყვეს.
94
თუცა ვიყავ ამათს რჯულზე, მაშ, ესენი რას მტერობდენ?
თუ ქრისტესთვის თავი დავსდევ, მაშ, ისინი რათ მაქრობდენ?
უცხო არის ჩემი საქმე, საარაკო, თუ ფიქრობდენ.
მილთონთა ვსჩან მეფედ მათად, თვის ტომსა სწადს, რომ მაქრობდენ.
95
მაწვიეს თანამხლებელთა: «საქმის არა ხარ მქონელი,
ლექსი თქვი, ნუთუ ჯავრისა არ იყო განამყოლელი.»
მეც დაუჯერე, თქვენც ნახავთ, რისაც საქმის ვარ მდომელი.
ამითი გავლე ცოტას ხანს სოფელი დაუდგრომელი.
96
კაცს ვისმე სახლი-სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით,
იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებ ამბარით.
ვზარდო ფერადი ყვავილნი, მოვიღო მთით და ამ ბარით,
მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ: «ამან მისთანა ამბა რით».
97
მაგრამ ვნახე, რომ ურევდენ ყვავილებში ამ რეანსა,
ბევრი ვინმე მას უბნობდა: ყველაზედა ამრეანსა.
მისა მსგავსად ეგებ ვინმე იკითხევდეს ამრე ან სა,
არ სურნელით სულ უკლებსა, მცირედ რამე ამბრეანსა.
98
ლექსები რამ ვთქვი საბრალო მტერთაცა შესაწყალია,
ვინც წაიკითხავთ, ამაზე ცრემლით აგევსოს თვალია,
ხარბად ადინეთ, სოფლისგან არის რამ დასავალია.
ნუ მიენდობით უნდოსა, ბოლოს არ გიყოსთ ძალია!
99
კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია.
ვარქვი: ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?
«რადგან გწადს სიტკბო - მან მითხრა - ჯერ ნახე უგემებია,
ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უგემებია.»
100
რა ვქნა, რასათვის გავეწყევ კაცსა უზრდელსა, ვირასა?
ვინც გაიგონებს, მევე მგმობს: «ემოყვსა კაცსა ვი რასა».
გავრიდო აწვე, ის მიჯობს, გამიხდებოდეს ვირ ასა.
ვგმობ საწუთროსა მუხთალსა, უცხოსა, გასაკვირასა.
101
კაცს სოფლის ზრუნვა ესე სჭირს, აროდეს გაახარებსა,
თავმომწონს სულსა გვამშია დასდრეკს და გაახარებსა,
გონია სიბრძნე ისწავლოს და უფრო გაახარებსა,
განგებით ნაცვეთს კაბებსა ამით ვერ გაახარებსა.
102
მწვე სჯობს უენო ენიანს ამ საქმის მიწყივ მქონესა,
უკაცურს სახლსა მჯდომელსა, ვერა-რის ვერ გამგონესა,
რა მართებს, საქმის შემძლებსა, ჭკუაზე თავმომწონესა,
ჭაში მჯდომელსა ხელ-შეკვრით მტერთ ასე დამამონესა.
103
მაინცა ვწერ, თუცა სევდით ვარცა მწარედ შეგვარლული,
ხან მოვილხენ სოფლისაგან, ხან ჯავრით მაქვს თვალთა ლული.
ეს მიკვირს, თუ როგორა სძლებს, არ ეყრების გვამსა სული?
მადლი მასვე, ვინცა მომცა ასე შემძლე ჭირთა გული!
104
უცხო რამ სჭირს ცრუ სოფელსა, ვისაც სვენი მიადგების,
ანწლიც მისის წალკოტისა რა მიწათა დაეგების,
ყოვლს ყვავილთა უკეთა სჩანთ, მას აქებდენ, არ ეგების.
რა გაბრუნდა, ვარდი მისცე, მოყვასთ ლახვრად დაეგების.
105
ვინც მთხრებლსა სთხრის, ამას ცდილობს, თვით იქნების ჩავარდნილი,
ვით მორჩება გაუსვრელად, ვინც აკეთოს მიწყივ მილი?
არ დახუჭო, ეს იცოდე, არ მოგივა თვალთა ძილი.
რაც ვინმე ქნას, მისა მსგავსად გაიტანოს მისი წილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი