ლექს–ამბავი


საწუთროს ბაღი რა ჰქონდა, სცან, ალექსანდრეს, მეფეო,
იდგა ყვავილი მრავალი, სახელის სუნი, მეფეო,
მის ფშვას აღევსო ქვეყანა სხვადასხვა რიგთა, მეფეო,
შვება ვარდისა მრავალფრად გაშლილი შიგან, მეფეო,

სხვანი ლხინისა შროშანნი ჰგიან ფერადნი, მეფეო,
ზამბახის მსგავსად განეღო სიუხვის პირი, მეფეო,
სიმდიდრის იასამანსა სუნით აღევსო, მეფეო,
ჯარ–მრავლობისა ყაყაჩო, ლალა, ხაშხაში, მეფეო,

მიხაკის სუნის ფერისებრ შინაყმა ბევრი, მეფეო,
მღვიძრობის თვალის ნარგიზის სიხშირე იყო, მეფეო,
სიფერადენი ზარდახშნის ინის ყვავილებრ, მეფეო,
სვე–სვიანობის სასახლე შიგ იდგა ცამდის, მეფეო,

დოვლათის შადრევანები მაღლა ისროდნენ, მეფეო,
თავ–მაღლობისა ალვანი ღრუბლადმდე იდგნენ, მეფეო,
სიხარულისა არღავანს მრავლად ჰპოვნებდი, მეფეო,
მტერთ გულის ფერსა სუმბულსა სიმრავლე ჰქონდა, მეფეო,

კარგთ გულ ფერისა შაბუნი იდგა  მრავალი, მეფეო,
გოვარის თასთა ამბარ–ბუ შიგ გაშლილ იყო, მეფეო,
ეს ასე შეჰქმნა სოფელმან, ახლა რომ ვიტყვი, მეფეო,
ანასდად ცამან მოჰღრუბლა, ნეფხვრა, გამოსჩნდა, მეფეო,

დააზრო, ზოგი გაახმო, დასცვივდა სრულად, მეფეო,
სახლთ წვიმა–სეტყვით მიეცა ნოტიო დიდი, მეფეო,
გრიგალმან ქარმან იქროლა, შეჰმუსრა სრულად, მეფეო,
შადრევანები ნამსხვრევით აღივსო, დასქდა, მეფეო,

ალვა ძირითურთ აღმოჰფხვრა ქარის სიმძაფრემ, მეფეო,
სჩანს უნაყოფოს მინდორად აწ ახლა იგი, მეფეო,
სოფლის სიმუხთლე ასეა, რად ვინ სდევს, მიკვირს, მეფეო!
აწ შენ ამისთვის რად სწუხარ, უცხოდ მჩანს, ვახტანგ მეფეო! 

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი