მაჯამა
[შესავალი] ჩემთა ნათქვამთა მოწმობა კვლავ ლექსმა მიყო მ ა ჯ ა მ ა, ცრემლთა ნაკადმა აავსო, ნახეთ, გაცნობოთ მაჯამა; დამწვა სოფლისა სიცთურმან, ვეღარა სცემოს მაჯამა, უკეთ არ მწამდეს იმისგან, მკითხოს მეჩიტმა, მაჯამა. I კეკლუცთ ზედა ხარ ხელმწიფე ტრფიალთ ცეცხლს უდებ მალამით, მანდით ნასროლმა ისარმა გული გამიპო მალ ამით; სხვას ვისმცა ეძლოს კურნება, ცუდად შვრებიან მალამით, მიჯნურნო, მოდით, მიტირეთ, ცრემლი მავასხეთ, მალამით. გიშრისა მშვილდმა, მელნის ტბამ, გლახ, გული წყლული მიწამა, ბროლმა და ლალმა გარევით ლამის დღეთ სიგძე მიწამა, ცრემლი მდის მიწყივ თვალთაგან, ვეჭვ, გულმა შენმცა მიწამა, რად არ გეწყალვის მიჯნური, შესჭამოს უდროდ მიწამა? ცეცხლს უგავს ღაწვი, ცეცხლისგან უფრო მწვავს, უფრო მედება, რა ვნახე მიწყივ საჭიროდ, ფეხი მახესა მედება; მიმტაცა სული, დღეს იქით რას მარგებს გულის მე დება! მიტირონ ძმათა საწყალი, ან და თუ ვინმე მედება. რა მოვიღო, ეს არ ვიცი, შენთვის მსგავსი იგავები, გაგიძვია დიაღ მიღმარ სიგონჯე და იგ ავები; ტრფიალთ შენთა სალაღობოდ იწმინდები, იგავები, ჭირსა ძნელსა, გაუხსნელსა ამ საქმითა იგ ავები. ლექსსა მოვყევ სამიჯნუროს, ვარ ტრფიალი განახელი, დამიწუხა თვალნი სხივმან, ვეღარა ვქენ განახელი. გიშრის თხზულმა ტოილომა გული შეკრა, განა ხელი? შეყრასა ჰგავს მზის და მთვარის, თუცა თავი გან ახელი. სრულად სიბრძნისა საუნჯის კარი, რაც მქონდეს, დამეღოს, ან მაგალითი პლატონის, ან პითაღორის დამეღოს, ვჯდე გულის მძრახად სამუდმოდ, თავი ქვე სადმე დამეღოს, საკადრად შენსა ქებასა ვერ ვიტყვი, სულიც დამეღოს. თვალი მიგიგავს ჯერანსა, წარბი ზანგუბრელს, სულო, და, შენმა ბაგისა ციმციმმა ფერი ყაყაჩოს სულ ოდა; ალმასის პირთა სადარით ხამს მზისა სხივი სულოდა, საბრალოს შენთა ტრფიალთა, სიცოცხლევ, გული სუ[ლ]ლოდა. გენახათ მისი სიტურფე, გული სხვა რიგად ქცეოდა, ეტყოდა თავსა: ,,არ ვიცით, აწ რა ნუგეში ქცეო და‘‘. ხამს, ამ ჭირისთვის თუ გეძლოს, შეგიპყრათ სვეო, ქცეო, და. მართ მისწუროდათ მათ სული, გაცლოდა, გაცაჰქცეოდა. თვალს მისცემს წყალსა პირველებრ, რა ნახოს სული და გული, ყვავილისებრივ გაშალოს მისგანვე გული დაგული, გააღოს კარი ლხინისა, ჭირისა კარი დაგული, გაშალოს ვარდი კუკური, ჩემში ა მისი დარგული. II რა სჯობს მაისში ტფილისსა, ვარდი ვარსკვლავებრ ესხასა, მწვანედ ღელავდეს გარემო, ცის ცვარი მასზე ესხასა, თუ არ უშმაგი, ვინცა ქნას, მაზედა რითმე ესხასა? მე ასე მითქვამს: უთუოდ ის კაცი იყოს, ეს ხასა. ზარს ჩასაგდებსა ქორებსა აშურებდიან სატევად, მოვიდენ, შექნან ნადიმი, სახლსა ზარობდენ სატევად. რა ბრალი არის, ეს ჟამი კაცსა შეჰქნოდეს სატევად? სისხლისა ცრემლსა გაეწნა გუგა საბრალოდ სატევად. რა ივნისში წყლებმა შტონი გაამრავლოს გარდადენით, მის წყვეტისა შექცევისთვის მოარობდენ გარდადენით; ბელტსა ჰყრიდენ, იძახოდენ: ,,ძელი ძელსა გარდადენით!‘‘ თევზსა ჰყრიდენ ნაპირზედა, არ ეტევის, ,,გარ დადენით‘‘. წყალსა ნაწყვეტსა მწვანეზე მჭვრეტელნი მზერდენ ას ერით, იჭერდენ მაშიგ კალმახსა, იძახდენ: ,,დაჭერ, ასერით!‘‘ კვლავ მოდიოდეს მინდორად არჩვი, ირემი ა სერით, მისმან მნახავმან ეს მითხრას: ეს ისე ვაქო ასე რით? ჯერგის მფრთხალსა მონარბოლსა ხარსა შამბი ედებოდეს, დამაშვრალთა წყაროთათვის გულსა ცეცხლი ედებოდეს, ჩამოვიდენ, კარვად დასხდენ, წინა რქანი ედებოდეს. უგზავნიდენ დანიშნულთა თვისთა, გინდა ედებოდეს. როჭოს ლაპი მომავალთა შექნან ბევრი საგალია, გნოლი წითლის დევნებითა ქვე მიწაზე საგალია. კალმახისა გასაწყვეტლად დაუნაყონ საგალია. ვა, სოფელმან დღენი ჩემნი აწე ცუდად სა გალია! III რას ვარგა კარგი საჭმელი მარილზე მოუწონია? ვისამცა მძივი ალმასად ყირათით მოუწონია? აწ ვხედავ კარგსა ნასეტყვად, ავია, მოუწონია. შალგსაც ყვავილი დაარქვეს, მას თავი მოუწონია. ვიყავ მოყვსისა სიმაღლე, მტერთა დამცემი, მხარავი, ყმათ პატივისა მდებელი, მიმცემი, მიწყივ მხარავი; სამღთოც ვიცოდი, საეროც, მექმენ აწ ზურგი მხარ ავი, დაუნაშავლად შემექნენ უწყალოდ ძვლისა მხარავი. არ ვიშიშვი, რადგან რომე თაყვანსა ვსცემ ღვთისა კრავსა, უსამართლოდ მტერთა ჩემთა საკვრელითა ისი კრავსა; კიდევ ეტყვის წმიდას მერკვირს, ივლიანებრ მასცა კრავსა, აყარყუმებს ტყავსა ჩემსა, აწ ბოხოხსა რომე კრავსა. მტილი ყვავილით აღვსილი მე ნებით ჩემით ვინარე, ჭირნი ეგზომნი ურიცხვი ჩემკენ, არ ვიცი, ვინ არე? სულ გამიმტერდენ მოყვასნი, აწ, მითხართ, კარგი ვინ არე? ძნელსა დავები, თუ შენვე არ მიხსნი, შექენ ვინ არე. ცრუმან სოფელმან სიმუხთლით, მწვე მიკვირს, ჩემთვის აგო რა, მან კაეშანი უხსნელი შეყრით შეჰყარა, აგორა, ვერ მომიძვრია, არ ვიცი, გულსა ასეთი აგო რა? დღე ჩემი წინათ წარსრული ყრმათ ჩიკორისებრ აგორა. საწუთროსა ცხენსა ვიჯექ, ლურსმანი ვქენ მონაწევი, მრავლად იდგა ბაღსა მისსა ხილი მწიფე, მონაწევი; რაცა მწადდა, მას ვიხმევდი, ხელით მქონდა მონაწევი, ახლა ვქნილვარ მტერთ სახრალად, იქით–აქეთ მონაწევი. აღმემართა კაეშანი, ეს არ ვიცი, როს იხაროს, ვინცა ღვთისა მოუნდობლად რამც იკეთოს, რამც იხაროს, ესე–გვარმან თავი თვისი იპირუტყოს, ხამს იხაროს. კაცი ცრუ და უგუნური მომერიდე, ნუ ი ხარ ოს! გამიფრინდა სვისა ქორი, არ თუ არი განა ხადად, ბედი, სვე და სპა–და–ჯარი ყველა მექნა განახადად; ცრემლი მიმდის უფრო მისგან, რა სელი ქნან განახადად, მწვე მიჯობდა სხვაგან მევლო, განა დვალად განა ხადად. ჰე, თაო, პირველ შვებულო, აწ უცხოს ჭირსა ვარდია, საკვრელსა ძნელად სახსნელსა, მთხრებლსა მოღრმოსა ვარდია; მკვიდრი უმკვიდროდ შევიქენ, სამყოფთგან გარე ვარდია, ღაწვი შემქნია ზაფრანად, ვის ვერა მდრიდა ვარდია. ვერ მივეც, რაცა მემართა, ხარკი სოფლისა მე ცადა, მოვიდა ქარი ხორშაკი, ანაზდად სამე მეცა და; ვერ მოვიფარე საფარი, დამწვა სხვებთანა მეცა და, რა მწვე მიჯობდა, სიბრძნითა თავი სხვა რიგად მეცადა! ის მოსავალი პირველი დასეტყვა, ასე მეხა რა, ზე აღმართული სვე–ბედი ანაზდად, ვნახე, მეხარა; სამსალის უფრო გამწარდა, რაც ამის წინათ მეხარა. არ გიკვირსთ, სოფლის სიმუხთლე, დემად შემქნია მე ხარა. მაღლად მყოფო, სოფლისაგან ბოლოდ მიწად დაწყვეტილო, სოფლის ნასთთა მსხვილად სთულთა უცხოდ რათმე დაწყვეტილო, რუო, ხარბად მომდინარო, მლაშისებრივ დაწყვეტილო, სახელოვანთ ბიძა–ძმათა, მამით უწყლად დაწყვეტილო. IV კაცს ვისმე სახლი სამყოფი, ზღუდე უყვარდეს ამბარით, იგ ტყვიას როდის იქონებს, ამას უსუნებს ამბარით. ვზარდო ფერადი ყვავილი, მოვიღო მთით და ამ ბარით, მას ვინ გაუშვებს, გამკილვენ, ამან მისთანა ამბა რით? კაცს შევხვდი ბრძენსა, ეს წიგნი მაზადაც უგემებია, ვარქვი: ,,ამ ზღვაში ჩავარდნილს რა ხილი უგემებია?‘‘ ,,რადგან გწადს სიტკბო–მან–მითხრა–ჯერ ნახე უგემებია, ქვენარის თაფლი უეკლოდ არავის უგემებია‘‘. ყმაწვილს ატყუებ უცებსა, ყმას ამაყობით დარევ და, შუაკაცს დაუცდელობით ხელსა სიჯაბნით დარევდა; მაგრამ ბერკაცსა რაღა რჯის, ისიც იმათვე დარევდა! შენ გასცვდე, ჩვენ კი ქვე დავრჩეთ, იქ თუმცა ჩვენთვის დარევდა. სიბრძნით აღაგო ყოველი, საქმით ა განასრულითა, წესიერებით შეამკო საზომი განა სრულითა, უსხეულონი მსახურად, ზოგნი ჰყო განა სრულითა, არვინ დააგდო წყალობით კარითა განასრულითა. V ეზომ ტურფა სასძლოსთანა მინდა, რომე ვიხარებდე, საქორწინე არ მაცვია, რომ შემიშვან, ვიხარებდე; ასე მიჯობს, დავგლახაკდე, სოფლის საქმით ვიხარებდე, ნუთუ მაშინ ღირსად ვიქნე, ღიას კარსა ვიხარებდე. სატრფოს მეტრფე თუცა სძებნი, პირველ გიხამს, მო ნათელსა, ბნელმან, ვიცი, დააბნელოს, ჭირით ბაძე მონათ ელსა; შეყრას უნდა მწვე გამოცდა, მაშინ ჰპოებ მონათელსა. დაუცდელად, ეს იცოდე, ეშმაკისგან მო ნათელსა. კეკლუცია ტურფა რამე უკაზმავი მოიბაღით, ვარდსა, ახალ გაფურჩქვნილსა, სჯობს რა ნახოთ მო ი ბაღით; გულმან ჩემმან სიყვარული მისი უცხო მოიბაღით, სიძულვილი შენგან ჩემი მოიგლიჯე, მოიბაღით. მომწონს მისი სანდომობა ქებისათვის დაღალულად, თვალნი სხივმან დამიხუჭა, კნინღა მექნა დაღა–ლულად; ასრე გავხე, ჩემი მნახი მეტყვის: ხარო დაღალულად. არ მიწამლებ, გამხდომია გული ჩემი დაღ–ალულად. ამით უთხარ წამწამითა შესამსგავსი შესხმანია, ამით ფერით წამწამითა ესვის გულში შესხმანია, ამით შექნა წამ–წამითა თვალ–მარგალიტთ შესხმანია, ამით მოვრჩეთ, წამ–წამითა მადლი წყლულებრ შესხმანია. მისთა ტრფიალთა კეთილი არ მიეცემის კარითა, სიყვარულითა მისითა გული–გონება კარითა, მისისა მიახლებითა ეშყსა სურვილი კარითა, ეგება რომე გეღირსოს შესვლა სამოთხის კარითა. გულსა მისცემს უცხოდ შვებას, ოდეს ვისმე შეეყრების, თვალს ის უნდა, სხვათ სპეკალი ცუდად რასმე შეეყრების; ვერ მიმხდომთა წინ სამუდმოთ თვალთა ცრემლი შეეყრების, უჯობს კაცსა სოფლით გასვლა, თვარ ლახვარი შეეყრების. სურვილის ზღვათ უფსკრულშია მან მამიდგა მასე, მასე, ესე მიყავ: შემომზღუდე, გარეშემო მასე, მასე; საბრხეები მისგან ჩემზე რომ გავხეთქო, მას ემასე, შაქრისაგან უფრო ტკბილი მისი ეშყი მასე, მასე. როს მეტრფისა ტრფიალება გულსა ჩემსა დამაჯერა, მშლელი მიშლის უცხო რიგად, ლამის კიდეც დამაჯერა. მეუბნების: ,,ყმაწვილი ხარ, არ იციო დამა ჯერა‘‘. მაგრამ მისმა სიყვარულმა ისევ მასვე დამაჯერა. მის დარად, მსგავსად მაგ ქვებსა ცუდათ აწითლებ იამან, ხანი გამოვა, მანამდის იმას უდაროს იამან. ზილფი ხუჭუჭად ნაგრუზი რით ნახოს ურცხვად ი ამან? მისად შეყრამდი თუ დარჩე, მოიწყენ, თუცა იამან. VI დავრჩი ასე, აღარ მშვენის, არცაღა მაქვს მოსაგონი, რათ ვიხმარო, აღარ ვიცი, მქონდეს კიდეც მოსაგონი; გამიცუდდა ცოდვის ნაცვლად ყოვლი რამე მოსაგონი, მტერსა დარჩა, აღარა მაქვს ჩემი სრულად მოსაგონი. გული სევდისა სალხენად განსავრცა ა ჭარხელითა, მზევ, გული ჩემი, ტყვე–ქმნილი, მისწიე, აჭერ ხელითა; გაველურდე და გავიჭრე, დავრჩე ვით ა ჭარ ხელითა, საზრდოდ ვიკმიო სიცოცხლე, ვატარო ა ჭარ–ხელითა. ვერვის ვხედავ სოფლისაგან ჩემებრ რასმე წამონარცხით, გარდამაგდი მართ, ვითამცა საწუთრომან წამონარცხით, ჩემი მთვარე ავი რამე, არ თუ კაცთა წამონ არც ხით, ის დიდება პირველ ჩემი აღარა მაქვს, წამო ნარცხით. მიკვირს, სოფლის გულისათვის კაცი ასე რად იჭირვის! ანუ ვინმც ა მისის ნდომით, ვფიქრობ, ვცვიფრობ, ვით იჭირვის, უხამსთ მისცემს სიმდიდრესა, ზოგნი ხამსი მწვე იჭირვის, საუკუნოდ ცოდვის გვარლით გარდახვანჯვით დაიჭირვის VII ტოლსა შინა გამოჩენით არა სადა დამედარა, მტერთა ზედა რას მარგებდა, თუცა სადმე და მედა რა! თუ დამაკლეს, რა დამაკლეს, საქმეშია დამედა რა? მაგრამ ბოლოს ყველა ვინმე, რა გავსინჯე, დამედ არა. ტურფად, კეკლუცად ნაქმარო მისო სანდომო არევ, და, მიჯნურთა გულის მორევი უცხოდ რამ რიგად არევდა, მისი ნარნარად მიხედვა მისთანა მჯდომთა არევდა, ტანს კვიპაროზის მემშურნეს იქით და აქათ არევდა. დამრგველმა მისმა მოიმკოს დარგულთა მისთა ნაყოფი, არცა წაუხდეს იმისგან, არც ექნას მისგან ნაყოფი; კარგი ზეცამდე ამაღლდეს, ავმა სახლში ქნას ნაყოფი. რაც რბილად გონოს, უმაგრდეს, ვით ბასრი წყალსა ნაყოფი. ყვავილთა ტურფა ბიბინი, სანდომი არე–მარენი, მწადს გაზაფხული, ტოლთ უთხრა: აღვიძრნეთ არე მარენი; ვინც გაიკმარებს, რა არი, ვეჭვ, იყოს ა რემა რენი, ჩემი ნახული თუ ნახო, გაკვირვოს არემ არ ენი. ნახე ბერი ყრმათა უყრმე და ყმაწვილი ბერთ უბერე, ბერი ცუდათ მწვე აჩქარდა, ყრმა დაწყნარდა, რაც უბერე. უხუცესი არას ნაღლობს, უმცირე სწუხს: ვარ უბერე, ის უფროსი იბერება, ეს უმცროსი არს უბერე. VIII რა მოვა საქმე საზეო, ნახეთ, მის გამო ელისა, ბევრსა ეცადა, აჭირვა, ვინც ქართლში გამოელ, ისა; რაღა ვიუბნო სოფლისა, ქალაქით გამოელი სა? თუ კარგი თვითონ არ არის, სხვისგან რას გამოელისა? ცუდად ვიყავ, სოფლისაგან ესე რამე გავაუბნენ, ვერა ვირგე ნაღველთაგან, სევდა უფრო გავაუბნენ; დამცა ცოდვამ საკურველად, როს ხელთ ვიგდე, გავაუბნენ. ბრძენთა თქმულსა არ მივხედე, ზურგი მივეც, გავა უბნენ. შენი ტრფიალნი შენს ნახვას სიზმარსა შინა სჯერანო, ვერა მწერალმა ვერ აქოს, საფერად დაგსვას, ჯერანო. მელნის ტბა ტურფად შვენოდეს, ვერ ედარების ჯერანო, მისი შუქისა სადარი ვინ შეიქნება ჯერანო? IX მიკვირს, თავი, ტანი, ფეხი ესრეთ ვითა ელამაზნეს ? ზორ–ტანისა უსულითა ესაროვნეს, არ ევაზნეს; ქარვის გარე გიშრის ბანდნი პირ–ნაქუფრად დაებანდნეს, საუბრისა საკრძალავად ლალის კარნი დაეზარნეს. უსუფეობ შენ ლამაზი, მზე მგონიხარ, დგახარ რაზი, ვინათგან ხარ ეგრე ნაზი, მნათობები იქით გაზი; ხარ ფილთაფელთ დანახაზი, არვისგან ხარ მონაკმაზი, რად დაგიხშავს ლალთა რაზი, მარგარიტთა ბუდე აზი. ამართა ბროლისა სვეტნი, რა მზემან ნახა, იამა, უფრჭკვნელი ვარდი კოკობი მიზიდვით მიიზია მა; სამთავე ერთად იდინეს - ბროლმან, ლალმან და იამა, იტვირთა ცვარი ობოლი სადაფის კარმან ღიამა. ორნივ ერთად ვთამაშობდით: - შენ ქურციკი, მე ავაზი, ძე ულვაში სუმბულითა, შენთან თმითა მუშკ–ავაზი, შენ ვარდი და მე ბულბული, შენ კაკაბი, მე გავაზი. შეგეყრები, პირს გაკოცებ, მომეწყინა მე თავაზი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი