ჯოხზე დაწერილი
ერთპირობა ყოვლის ვისმე ამას მგვანობს, ამას დარობს, ამის ტოლი რომ მივაკრათ, ოთხი, ხუთი ანუ ჯარობს, ვერვინ გასტეხს მწვე ადვილად, მოზიდვითა თუ ვინ ხმარობს, ერთი, დიაღ, მალ გატყდება, ცოტა ძალი მალ ეკმაროს. ამ ჯოხს ძალუც თვალში იკრას, წაითხაროს, წაიმწაროს, ესეც ძალუც დაიბჯინო, მოგისვენოს, მოგეხმაროს; სწერო ზედა საღმთო სიტყვა და საერო რომ გეკმაროს, ყველა კაცთვის სახმრად იქმნა, თუ კარგისთვის არ იზაროს. მართალ არს ერთი პირობა, ბევრთ სუსტისა მძლედ მაგრობსა, ვით ეს ფიცარი ერთ სუსტი, თუ სხვაცა თანა მყარობსა. უსაქმობასვე საქმე სჯობს, თუ ვინმე ცუდად მჯდარობსა, ნუ თუ რას ველით ხან წავლით, ნუ ვინმე შემუდარობსა. ვაი, სამნეო, სამნეო, ასე რად გამისამნეო, არ მომცა, გული დამიწვა და დარჩა გაუსამნეო, უთხარ: ამგვარსა საქმეზე ნეტარ თუ რად მაწამნეო. მსახურთა მისთა უბრძანა: ნუ აწყენთ, ცოტა ამნეო. ის დარჩა, მე კი წამოველ, სხვა ვერა შევიწამნეო. დავჯექ და ღმერთსა ვეხვეწე, ეს საქმე დამიამნეო. ვახტანგ, ამგვარსა საქმესა კვლავ ნუღარა იქ სამნეო. ქალ თუ ყოვლისა მხედველი ვერა დროს ვერა ნახავსა, მეფე ხანდიხან, მაგრამე ზოგჯერ იმათგან ახავსა. სხვა კაცი ყოვლთვის უყურებს და მათსა სახეს სახავსა, ბრძენად ჩავაგდებ, ვინც ამას მის მსგავსად განიზრახავსა. ვარდს ეტრფის მიწყივ ბულბული, სული უყვარს და ფერები, რომ იმისთანა შეიქნას, ქონდეს ასეთი წერები, ის უგუნური მას ცდილობს, კარგ იყოს შესამზერები. სახედ უქნია მოქმედსა, ვიყოთ მის შესაფერები. ცრუ არის, ვინც სოფლისათვის ზრუნავს, ჭმუნავს, შეწუხდების. ღმერთმან იცის, ვინ იშოვნის, ვინ იღვწის და ვის მიხვდების.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი