ჩემი ვედრება
ღმერთო, მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდან მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგრულების მცველადა. ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, - თვალებში მადლ-დაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივ-გამომღებელსა: სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი… ნუ დამასვენებ ნურა დროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული; როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, - მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარსკვლავი, შვილი - დედას და მამასა.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი