ბათურის ხმალი (მოთხრობა)


I
ბათური ფშავში, თავის სამშობლოში, საკაცით მოიტანეს ბრძოლის ველიდან თანამოძმეებმა და დიდის ამბით მიაბარეს მშობელ მიწას. მოზარეთა ზარი დედამიწასა სძრავდა, მთებს ქედს ახრევინებდა და ცრემლს ადენდა. ბევრმა ლამაზმა ქალმა და რძალმა მოიჭრა ხშირი, ყორნის ბოლოსავით შავი თმა, თორმეტ ნაწნავად დაწნული, ნიშნად ღრმა მწუხარებისა. საკაცეს თან მოაყოლებდენ ბათურის ცხენს, - რახტში ჩამჯდარს; ცხენსაც-კი ჯავშანი ეცვა, ზედ არავინ არ იჯდა. უნაგირის ტახტებზე იყო დაკიდებული გმირის რკინის სამოსელი: პერანგი, ჩაჩქანი, საფუხრეები, სამკლავე-საჩერნეები, ხანჯარი, მშვილდი რქისა და საისრეები. თავად ბათურსაც მტრის ისარმა მოუღო ბოლო. გააფთრებულს ბრძოლაში, ხმლის ქნევის დროს, ისარი დაჰკრეს იღლიის ძირში, რადგან იმას არ უფარავდა ჯაჭვი.

თუმცა ემძიმებოდა ოროლ კაცს საზიდავად, მაგრამ მისი სახელოვანი ხმალი მოწიწებით გულზე დაასვენეს და ამგვარად მიიტანეს. ხმალი თუ გულზე ესვენა ვაჟკაცს, ცხენი თავით იყო დაყუდებული; პირუტყვიც თითქოს ჰგრძნობდა პატრონის უბედურებას და სწუხდა, ერთ ალაგას ვერ ისვენებდა.

მაგრამ ხალხი ხმალზე უფრო ბევრსა ლაპარაკობდა. ბათურის ხმალზე: ქარქაშიდან ამოდის და ქარქაშიანი სწუხს, მიცვალებულის მკერდიდან აქეთ-იქით გადად-გადმოდისო.

მოზარენი ხომ ამ ხმალზე დაბჯენილნი დასტიროდენ მიცვალებულს, ყველა ერთად აღიარებდა: ხმალი თითქოს კვნესის, სულს იქცევსო.

ამის შემდეგ ბათურის ხმალმა უფრო სახელი გაითქვა. ამ ხმალზე ხალხი მაღალი აზრისა იყო, რაღაც ღვთაებრივს ძალას აწერდენ: თუ ხატი, ღმერთი, რჯული და დროშა გაიყიდება, ბათურის ხმალიც მხოლოდ მაშინ შეიძლება გაიყიდოსო. ომშიაც დიდად სახელგანთქმული იყო ეს ხმალი: რამდენჯერ უნახავთ, რომ მის პატრონს თავის ძლიერის მკლავით შემოექნიოს მტრისათვის და ცხენი თავის მხედრიანად გაეწყვიტნოს, შუა გაეპოს და თანაც ხმლის წვერი მიწიდან ამოეწვადოს. რამდენჯერ ჰქონიათ შემთხვევა, გზა-კვალ, დაბნეულს მტერს დაჰრეოდენ და, როგორც ანწლი, ისე ეკაფოსთ. ყველას ხმალს ადამიანის სისხლის და ქონისაგან, როგორც ადამიანს თვალებზე, ფხაზე ლიბრი გადაჰკვრია. ხმლები ჯოხებად-ღა ქცეულა, მხოლოდ ერთი ბათურის ხმალი დარჩენილა ფხაზე სისხლ-მიუკარებელი.

დასაფლავების დროს დიდი კამათი გაიმართა ხალხში შესახებ იმისა, -ჩაეყოლებინათ თუ არა ბათურისათვის ხმალი საფლავში. უმრავლესობა თითქმის იმ აზრისა იყო, რომ ხმალსაც იქ უნდა ჰქონოდა ბინა, საცა ეს უცვალებელი ბინა დაიდვა მისმა პატრონმა, რადგან ეს მკვდარსაც ესიამოვნებოდა და მისი ხმალიც მოსვენებით იქნებოდა.

ბოლოს წამოდგა წინ მხცოვანი რაინდი ხეტე, დიდი დაჯღანული, დაკეჭნილის ცხვირით, სახეზე ორგან თუ სამგან სხვაგანაც ეტყობოდა ნაჭრევები. მის დიდს ულვაშებს სქელი წარბები დასჩერებოდა, ისე დიდი, თითქმის ერთი საბელი დაიწვნებოდა, და ციხე-გალავანივით ჰსაზღვრავდა გმირის დაბალს, ხმლისაგან გადასერილს შუბლსა. ხეტემ მოკლედ სთქვა: ეეე, კაცებო, ფშავლებო! ჩვენ ახალს ვერც არას მოვიგონებთ, ვერც არას ვიტყვით. რაც ძველებს უთქვამს, ჩვენც იმაზე დავდგეთო. და ამ დროს წარმოსთქვა ლექსი:


ნეტავ რად უნდა კარგს ყმასა

სამკლავე, საფუხარია?

მეც გამყვა სამარეშია,

მაგრამ ვერ მოვიხმარია:

არ დამანებეს ღთიშვილთა

ჩემი ხმალი და ფარია.

იქ არც მგზავრობა დამჭირდა,

არცვინ შაყარა ჯარია.

ტყუილად ცოცხლებს დავაკელ,

შვილები გავამწარია.


ამ ლექსმა ყველა ჩააფიქრა. განა თუ გაგონილი არა ჰქონდათ წინათაც ეს ლექსი, მაგრამ ამჟამად როდი აგონდებოდათ. ეხლა ხეტემ მოაგონა და არც უნაყოფოდ ჩაიარა იმისმა ცდამ. ხეტე დანჯღრეულის, მაგარის ხმით ლაპარაკობდა, ცოტა თავდახრით იდგა, მარჯვენა ხელი სრულიად ჩამოშვებული ჰქონდა, ხოლო მარცხენით ხმლის ვადასა ჰბღუჯავდა. თავს როდი სძრავდა საუბრის დროს, კისერიც მგელივით გაშეშებული ეჭირა, მხოლოდ თვალებს აგელებდა, აძვრენდა იქით-აქეთ. საშინელი, საზარელი იყო ხეტეს თვალები: ცეცხლივით ენთებოდა და ამ თვალების მნახველი ყველა სხვა თვალები უნდა დამწვარიყო, ჩამქრალიყო. ძალაუნებურად მის წინაშე უნდა თავი მოგეხარა. უსიტყვოდ დაგიმონებდა, გაგტეხდა, დაგალაჩრებდა ხეტეს მარტო ერთი შეხედვა. “ჩვენს ძმას ბათურს იქნება ან შვილი გამოადგეს, ან შვილიშვილი გამოუჩნდეს იმის ხმალს ღირსეული მხედარი, კარგი პატრონი, აიღოს ხელში და დადგეს საქართველოს დარაჯად, უპატრონოს რჯულ-საქრისტიანოს... საფლავში კი მიწამ უნდა შეჭამოს, ეს რას ეგვანება?!”

ამ სიტყვის შემდეგ ხალხმა უარჰყო თავის განზრახვა, აღარავინ ამბობდა, ხმალი ბათურს თან ჩავაყოლოთო. მას აქეთ დარჩა ეს ხმალი სამზეოზე და მას აქეთია კიდეც, როგორც ხალხი ამბობდა, ბათურის ხმალი დაღონებული იყო, მოუსვენრობდა, ჰგლოვობდა თავის ერთგულ პატრონს, ტიროდა.

დიდებული, საკვირველი სურათი იხატებოდა ადამიანის თვალწინ, როცა ხეტე დასტიროდა თავის ძმობილს ბათურს. გმირის ტირილი გამწარებული ვეფხვის რუხრუხსა ჰგვანდა, რომლისთვისაც ვიღაც თავხედ მონადირეს ლეკვები მოუპარავ. შვილების მაძებარი აწყდება აქეთ-იქით, ადუღებული სისხლი ყელში ებჯინება; რომ ნამდვილი მტერი ვერ უპოვნია, ხესა და ქვას-ღა ჰღრღნის, მიწას ღადრავს კლანჭითა. ეს ტირილი უფრო წყევლა-კრულვა იყო მტრისა, ბრაზში და ნაღველში ამოვლებული, ცრემლით გაბანალი. მაგრამ ეს ცოტაა ხეტეს გლოვის დასასურათებლად: ეს ვეფხვი უნდა იქცეს ცრემლის მფრქვეველ სალ კლდედ თავის სიმტკიცით და შეუდრეკელობით, მხოლოდ მას შეჰრჩეს მსგავსება ვეფხვისა. ეს ორი საგანი შეაზავეთ ერთად ოცნებაში, ადინეთ ცრემლი, ალაპარაკეთ; მხოლოდ ამ გლოვისა და ვაების დროს სრულიად, უკლებლად შეჰრჩეს სიმტკიცე, გაუტეხელობა, დიდებულება კლდისა. ეს იქნებოდა სრული სურათი ხეტეს გლოვისა, მისი მოზარეობისა. ხეტეს ქვითინის დროს დანარჩენი მხედარნიც ბანს ეუბნებოდენ.
0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი