ვაჟა-ფშაველა  - ფოტო

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

0 65

ბათურის ხმალი (მეორე თავი)


დიდი გლოვა-ტირილის შემდეგ მიცვალებული მიწას მიაბარეს, დიდი აღაპი გადაუხადეს, მრავალი შესანდობარი დაილია ბათურისა. დედაკაცებს ნატაბლი ქვაბებით, ჯამებით შინაც კი მიჰქონდათ.

ერთის კვირის შემდეგ ბათურის ცოლმა მკითხავს რომ აკითხვინა, ამ უკანასკნელმა გამოუცხადა, ცხენი ბათურისა ხეტესათვის მიეცათ საჩუქრად. ხოლო ხმლის შესახებ არაფერი პასუხი არ ისმოდა მიცვალებულისაგან და ამიტომ ხმალი სახლში დარჩა.

სამი წლის განმავლობაში ხმალი თავის საყვარელი პატრონის ლოგინს ამკობდა. მუდამ შაბათს დღეს, ან კვირას, მოზარე დედაკაცები იყრიდნენ თავს ბათურის ოჯახში, სატირელი გამოჰქონდათ ეზოში და ყველა მოტირალი მის ხმალზე დაბჯენით ტიროდა ბათურს, იგონებდა მის ვაჟკაცობას, გმირობას...

სამი წლის შემდეგ გლოვა გათავდა, ბათურის ლოგინიც აიღეს, ხოლო ხმალი მოწიწებით ჩამოჰკიდეს სხვა იარაღთან ერთად დედაბოძზე მიკრულ ირმის რქაზე. შვილები ბათურისა თავიანთ მამის ხმალს სწმენდდენ, ჰფერავდნენ, დუმას უსვამდენ, ჟანგი არ მიჰკარებოდა. ოჯახი ამ ხმალზე ლოცულობდა, იგი სალოცავ ხატად მიაჩნდათ, მით უმეტეს, რომ მთელი ქვეყანაც ასე ფიქრობდა. შვილები, თუმცა მამის ხმალი ძალიან მოსწონდათ, უყვარდათ და დედაც ეტყოდათ: არა, უნდა მამის ხმალი შემოირტყათო, - მაინც ისინი ვერა ჰბედავდენ, თავისთავს ღირსად არა სთვლიდენ სახელოვანი მამის ხმალი ტანზე ეტარებინათ. ამიტომ ლაშქარში თუ მგზავრობაში თავ-თავიანთ ხმლებს ირტყამდენ წელზე. სხვა ვინ გაჰბედავდა ეთქვა, მათხოვეთო. ბათურის ხმალი მუდამ ერთ ალაგას ეკიდა და ყველა მომსვლელი ბათურის ოჯახში დიდ ბედნიერებადა სთვლიდა, თუ ვინმე ნებას მისცემდა, სახელოვანი გმირის ხმალი ამოეღო ქარქაშიდან და თვალით დაენახა. ნახვის ნება ყველასაც ჰქონდა, ხოლო შევაჭრებისა, რა თქმა უნდა, არავის. ეს დიდი შეურაცხყოფა იქნებოდა ოჯახისა, თითქმის კაცის კვლასთან შესადარებელი. უნდა გენახათ, ხალხი რა სახეგაბრწყინებული ჰსინჯავდა ამ ხმალს და რამდენ ომსა და ამბავს იგონებდენ ბათურის ხმალ-ქვეშ გამოვლილს. “რა ლამაზი, რა მშვენიერი ყოფილა, თქვენი ჭირიმეთ!” - იყო უკანასკნელი სიტყვები ყველა მნახველისა...

ხოლო რამდენადაც ბედნიერი იყო ეს ოჯახი ამ ხმლის წყალობით, იმდენადვე უბედურნი, რადგან ბოლო ხანებში ისეთ სურათებს აკეთებდა, ყველა ოჯახის წევრს დიდ საგონებელში აგდებდა, თავში გამოურკვეველ აზრებს ჰბადებდა, ამასთანავე შიშსა.

ბევრჯელ უნახავთ, მაგალითად, ღამით, როცა ყველას ღრმა ძილით ეძინა, ცეცხლიც ღველფზე შეხვეული, ნაცარმიყრილი, მთელ დარბაზში წყვდიადი გამეფებული, ხმალი თავისთავად ამოწვდილა ქარქაშიდან და დაუწყია ჰაერში ნავარდი, პრიალი ისე, როგორც მას ბრძოლის დროს ატრიალებდა ბათური. შემდეგ თავისთავადვე ჩაგებულა ქარქაშში. ამა ამბის მნახველი რამდენიმე წევრი იყო ოჯახისა ცალ-ცალკე, ხოლო მაგალითი არა ყოფილა ხმლის ნავარდი ორს ერთად ენახა.

ხმლის ნავარდი ერთ ღამეს ბათურის უფროსმა შვილმა ელიზბარმაც ნახა და მეორე დილას ხმლის პირდაპირ სკამზე მჯდომარე მოთქმით სტიროდა.

- დავსილო ხმალაო, დავსილო! დასწუხდი განა მამაჩემისაკე, ბეჩავო, განა?! ტყუილია, იმისთანა პატრონს შენ ვეღარ იშოვნი, ჩვენ შენის მხედრობის თავი არა გვაქვს. ომში რომ წაგიღოთ, მტერს გადაგცემთ, ტყუილად თავს შევირცხვენთ. ლაშქარს ხმლიანად წასულნი შინ უხმლოდ დავბრუნდებითო. - ელიზბარმა, რაც იმ ღამეს მოიხილა, ყველაფერი ძმას, ქურსიკას, და დედას, სეთურს, უამბო.

- ვინ იცის, შვილებო, იქნება არ იყოს კარგი, ხმალი რო ყველაის სახელად გვიკიდავ, ყველას ვასინჯვინებთ. ვინ იცის, ვინ რა გულითა და სულითა ჰსინჯავსო. ხმალი უნდა კიდობანში ჩავდვა, არ შეიძლებაო.

- ძალიან კარგი იქნება, დედავ, არა სტყუი. მთელმა ქვეყანამ, სხვაც არა იყოს, ხმალი თვალითა და გულით შეჭამაო. - უპასუხეს შვილებმა: - აიღე და ეხლავ კიდობანში შეინახეო.

სეთურმა ხმალი კიდობანში მოათავსა და თანაც ჩუმად რამდენიმე ცრემლი ჩააყოლა, მაგრამ...
კომენტარები (0)