ვაჟა-ფშაველა  - ფოტო

ვაჟა-ფშაველა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი, პოეტი, მწერალი

0 102

ბათურის ხმალი (თავი მესამე)


მაგარი ის არის, რომ კიდობნიდან იწყო ღამ-ღამობით საუცხოვო ამბებმა მოდენა. ხმალი არ ისვენებდა: კიდობნიდან ისმოდა აბჯრის ჩხერა-ჟღარუნი, დაჭრილთა კვნესა, ხმა ლოცვა-მუდარებისა, ცოდვათა მიტევება. ვინა ლოცულობდა ან ვინა კვნესოდა, არავინ იცოდა, ხოლო ყველაფერი ხმალსა ჰბრალდებოდა.

ბათურის ოჯახი კვალად დაღონებული და დაძმარებული იყო. ჩარა არ იყო, უნდა მკითხავისათვის მიემართა სეთურს. მკითხავმა შემდეგი გამოუცხადა:

- ხმალს ლაშარის-ჯვარი თხოულობსო. ხმალი ძალიან დაღონებულია, რომ უქმად არი და ომში წამღები არავინ უჩნდებაო; ლაშარის-ჯვარი ბრძანებს, თავად მე ვუპატრონებო. უნდა ლაშარის-ჯვარის დროშასთან ესვენოს შენის პატრონის ხმალიო და ლაშქრობის დროს ვისაც ქადაგი დაასახელებს, ხმალი იმას უნდა ერტყას ლაშქრობის დროსაო.

რაღა ეთქმოდა ან ცოლს ბათურისას, ან შვილებს? - როგორ შაეძლოთ წინააღმდეგობა გაეწიათ ხატისათვის?! მაშინვე კმაყოფილება გამოაცხადეს:

- რა გვეთქმის, მიირთვას, დაილოცოს იმის მადლი და სახელიო, - წარმოსთქვეს ერთხმად დედაშვილებმა. აცნობეს ლაშარის-ჯვარის ხევისბერს და ისიც მალე გაჩნდა დროშით ხმლის წასასვენებლად.

ეს ამბავი მთელმა ქვეყანამ შეიტყო. კვალად შეიკრიბა ხალხი ბათურის ოჯახში, ქალი და კაცი, დიდი და პატარა. გაიმართა ხელახლად გლოვა და ზარი, თითქოს ბათური დღეს იმარხებოდა.

მთელი ხალხი ხმალს გოდებით ისე მისდევდა, როგორც ბათურის კუბოს, და ასე მიაცილა ლაშარის-ჯვარის სალოცავამდე. ხოლო იქ ხევისბერმა ხმალი დროშასთან ერთად მოათავსა და ხალხს გამოუცხადა:

- ხალხო, ნუ სტირით და ნუ სჩივით, სატირელი, ღვთისა ძალით, აღარაფერი გვაქვს. სატირელი აქამდისა გვქონდა, რო გამოჩენილს ხმალს ღირსეული პატრონი არ უჩნდებოდა. დღეს-კი გამოუჩნდა და იცით ვინა? - ჩვენი დიდებული ლაშარის-ჯვარი. მაშ გაუმარჯოს იმის ძალს, იმის სამართალს და მის ახლად შეძენილს ხმალსა!

- გაუმარჯოს, გაუმარჯოსო! - დაიღრიალა ხალხმა.

იმ დღესვე ხატში დაიკლა რამდენიმე საკლავი, როგორც ბათურის სულის მოსახსენებლად, ისე მის ხმლის სადიდებლად და გულის დასაამებლად. ხალხი ჰსვამდა როგორც ბათურის, ისე სხვა გარდასულ გმირთა შესანდობარს და უმადლიდა ღმერთს, რომ ბათურის ხმალი ხატმა მიიღო თავის მფარველობის ქვეშ. დიაღ, მიიღო და ამიერიდან ხმლის მწუხარება არავის გაუგონია, რადგან მას ომში ყოფნა ხშირად უხდებოდა და მუდამ ღირსეული გმირის ტანს ამშვენებდა.

ხოლო ხალხში ხმა იყო: ბევრჯელ უნახიათ ლაშარის-ჯვარის მიდამოებში ჯაჭვ-ჩაჩქნიანი ბათური გადამდგარიყოს სერზე, წელდამშვენებული თავის სახელოვანის ხმლითა, ეძახოდეს, ხელს უქნევდეს სალაშქროდ ბიჭებს.

უნახიათ აგრეთვე, შუაღამის დროს ათასწლოვან მუხა-იფნების ქვეშ შემოეკრიბოს თავისი ლაშქარი, ჰქონდეს თათბირი გალაშქრებაზე, ხელში ეპყრას თავისი ხმალი და მაზე რაღაცას ფიცულოდეს, - ხოლო იფნების, მუხის, არყის ტოტები, კენწეროები ციდან ჩამოსული კელაპტრებით ყოფილიყოს განათებული.
კომენტარები (0)