კარადა
მე კარადა ვარ, კართან რომ მიდგას, ზუსტად ის - სარკე, საკიდი, თარო. ვირეკლავ შენს ტანს და ვდგავარ დიდხანს და ოდნავ მაინც რომ შემიყვარო, გააღებ უჯრას - წიგნები, ფურცლებს გვერდებს უთბობენ ძველი კალმები. წუთებით მძინავს, ვიღვიძებ უცებ და ფეხაკრებით დავიპარები მომცრო ოთახში, გვერდით პატრონებს სძინავთ, არ მინდა სიზმარს მოწყვეტა. რამდენმა ძველმა მტვერმა დამტოვა, ანაც რამდენი შარფის მოწმე ვარ. მინახავს სითბოც, უხმო სიბნელეც, სუნამოს სუნი, მელნის დაქცევა, მარად ახალი, მარად სიბერის, მარად სიბერის უტყვი სახე ვარ. მყავს მეგობარიც წინა კედლიდან - ჩარჩო და მისი შვილი - ნახატი - სიურეალურ სიუჟეტით და ობობის ქსელთა ციხე სატახტო. პატრონი ბევრს სვამს და თითქმის დაცლილ კონიაკის ბოთლს მიტოვებს სულ მე. სიბნელეში კი შევრჩებით სახლში სუნთქვა, მე, სასმლის მწკლარტე სურნელი. იანვრიანი განთიადია - ვკითხე ამ დილით ახალ კალენდარს. ვარ ამ უაზრო ნივთთა ადგილი, თუმცა სუფთა ვარ მუდამ გარედან. თუმც ზოგჯერ ლანდებს სარკიდან ვამბობ, მიყვარს დუმილი - ყველაფრისმთქმელი; ვთავისუფლდები ნახევრად ამ დროს, ოდნავ ვიხსნები მორჩილი თქვენი. ის კარადა ვარ, კართან რომ მიდგეს, მყავს ეს პატრონი - შიზოფრენიკი. ვეხმიანებით ხშირად მაგიდას მე, ფურცლები და ძველი კალმები. ვდგავარ და ვიტევ ერთ და იგივე რუტინას, დილას, ნათურას მე ხომ შენც ასე უცებ გამოგიგონე, ზოგჯერ ღმერთებიც რომ აირეკლოს ამ ჩემმა სარკემ..
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი