უილიამ შექსპირი სონეტი #36


გამოგიტყდები! განშორებით გული მუნჯდება,
ამ დიდ სიყვარულს, რა ხანია, წუთებს პარავენ
და ერთი ლაქა მრჩება იმის დასაუნჯებლად,
რომ მარტო დამაქვს უშენობის სიაშკარავე.

ჩვენ ორს საერთო სიყვარული გვითრთის სიმივით,
მაგრამ ცალ-ცალკე ღვარძლიც დაგვსდევს, რაც ვერ დასრულდა,
ჩვენ თუ ვერაფერს ვერ დაგვაკლებს ეს სიმძიმილი,
თავად სიყვარულს დაგვიტოვებს გულგაბასრულად.

დღეიდან მორჩა! მეკარგება შენივე ხატი,
ვეღარ შეგხვდები, რომ არ მიგცე შავ-ბნელ კაეშანს
და შენც სახალხოდ ნურასოდეს მომაგებ პატივს,
რომ ხალხის თვალში ასე დაბლა აღარ დაეშვა.

მაგრამ, ძვირფასო, მატყუარას დავემსგავსები,
თუ არ გაგიმხელ, რომ ჩემი ხარ მთელი არსებით.

ინგლისურიდან თარგმნეს
ნინო სამურკასოვმა და გიორგი ხულორდავამ

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი