რა არის სიყვარული?
სიყვარული არის ის ძალა,რომელიც ადამიანში ახდენს გრძნობათა კორექციას და იწვევს დიდ მეტამორფოზას,რადგან მეეჭვება ჭეშმარიტი სიყვარულის გზაზე მდგომი ადამიანი,ამ გზის გავლით არ დაღვინებულიყოს და მასში არ მომხდარიყოს სულიერი ფერისცვალება.დიდხანს ვფიქრობდი და ასე მგონია - რწმენას,ღვთისადმი და ადამიანებისადმი,თუკი სარჩულად,ურყევ ფუძედ და ქვაკუთხედად სიყვარული არ უდევს,მაშინ ეს ერთი ლიტონი,ფუჭი,ჰაერში ტყუილად გაფანტული სიტყვაა,რომელიც უპირველესად შენს სულს აცარიელებს.მე რომ მკითხოს ადამიანმა,რომელ მცნებას ვარჩევდი,ღვთის სიყვარულს თუ მოყვასისას,მე ვუპასუხებდი,რომ ეს ორი,ერთმანეთისაგან განუყოფელი მცნებაა,რადგან როგორ შევიყვარებთ უხილავს,თუკი ხილული გვძულს,ან როგორ შევიყვარებთ მხატვარს,თუკი მისი ნამუშევრები არ მოგვწონს?ეს ხომ საკუთარი ფსიქოზის კიდევ ერთი პარადოქსია? მე ვფიქრობ,რომ მთავარია ის მომენტი არ გავუშვათ ხელიდან,როდესაც ღმერთი ცდილობს - ადამიანის სახით შეგვაყვაროს საკუთარი თავი,მსგავსი მსგავსს იყვარებსო! ნებისმიერი მორწმუნოების,განსწავლულობისა და მეცნიერების იდეაზე მაღლა დგას,როცა ადამიანი საკუთარი თავის გასაწირად მზად არის,ეს არის ხელოვნებათა ხელოვნება და მეცნიერებათა მეცნიერება,იმ თავგანწირვის უკან ხომ კიდევ უფრო დიდი სიცოცხლეა - რომელსაც სიყვარული ჰქვია...იგივე ღმერთი.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი