თამარ...
რა დამავიწყებს იმ მზიან დღეს, იმ ლაჟვარდს ცისას, რა დამავიწყებს მზის სხივების გაცისკროვნებას, თითქოს ჩიტებიც სულ სხვაგვარად ასცილდნენ მიწას, თითქოს ჰაერიც სიამეს ჰფენს კაცის გონებას... ეს იყო ის დღე როცა მივხვდი ჩემთვის ვინა ხარ, მაშინ პირველად ერთურთს შეხვდნენ ჩვენი თვალები, იმ წუთს ვიფიქრე ნუ თუ მართლა მე შენ მიყვარხარ?! შენი ღიმილი მსგავსი იყო ფერიცვალების... იმ წუთიდანვე მაგ თვალების ვიქეცი მონად, შენმა ღიმილმა დამიამა მე იარები, ბაგემ კი შენმა სიტყვები თქვა ჩემ გასაგონად, ახლაც კი შენით მონუნუსხული დავიარები... სულ თვალწინ მიდგას შენი სახე, შენი ხატება, მე შენზე ფიქრებს და ოცნებებს გულში ვინახავ, ღამის წყვდიადშიც სულ შენ გხედავ ნათელ ლანდებად, ნეტავ მომასწრო იმ დღეს როცა მეტყვი:"მიყვარხარ"... ჩემი არა ხარ და ეს ფიქრი გრძნობას აალებს, მე ხომ ამ ქვეყნად მასულდგმულებს შენზე ფიქრები, შენი სურნელი საკმეველად ჩემ სულს აამებს, მჯერა დადგება, ის დღე როცა ერთად ვიქნებით... ნეტავ შეგვეძლოს ერთად ვიყოთ დღისით თუ ღამით, და ისევ ისე შესცქეროდნენ ჩვენი თვალები, შენი ღიმილი კვლავ მაჩუქო წუთით თუ წამით, დაგვაჩნდეს გულედ სიყვარულის ნატერფალები...
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი