მე გავთხოვდები უსიყვარულოდ


მე გავთხოვდები უსიყვარულოდ ,
გავაჩენ ზღვისფერ, ლურჯთვალა შვილებს 
და გავგრძელდები მათში უბრალოდ 
და სიმარტოვეც ალბათ მიშვილებს .

მე გავთხოვდები უსიყვარულოდ 
და ყოველ დილას დავიწყებ ფიქრით .
მერე დაგკარგავ უგზოდ, უკვალოდ 
დრო არ ჩერდება , სულ სადღაც მიქრის .

მწამს , გათხოვილი ქალების კდემაც 
სწრაფად გაიდგამს ჩემში ღრმა ფესვებს 
და ჩემი ნებაც ასე მოკვდება , 
მაგრამ უშენოდ რა მომასვენებს ?!

თუ გადაგაწყდი სადმე ძვირფასო ,
(ღმერთმა ნუ ქნას და ) ,
რომ ისევ შეგხვდე ,
მერე სინდისმა ( უნდა და )
მქენჯნოს , 
დე , მოღალატის სახელიც შემრჩეს !

ოღონდაც ვიგრძნო მაგ კანის სითბო ,
შენი სხეული დავკოცნო კრძალვით ,
ისევ შევიგრძნო სურნელთა სიტკბო 
და ვნების დავლა ჟრჟოლებად ტანში.

შენ გააჩერებ დროსა და საათს ,
მე კი ტუსაღი ვიქნები ბედის .
გადამავიწყებ წესსა და ადათს 
დღეს 
გათხოვილი ქალის და დედის .

დე , დამეწუროს მკერდი ,
ჯანდაბა ! 
ერთმანეთს ლამაზ სიზმრებად შევრჩეთ , 
მაგრამ შვილები ?
ო , არა , არა ! 
ჩვენ არასოდეს არ უნდა შევხვდეთ !

მე გავთხოვდები უსიყვარულოდ ,
შენც იქნებ შენს ბედს ოდესღაც შეხვდე .
მე დამერქმევა ერთგული ცოლი .
ჩვენ აღარასდროს არ უნდა შევხვდეთ !

მარუსა

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი