ცურვა


ჩემს გარდა არავის რომ აღარ სჭირდები ,
შენს გარდა არავინ რომ აღარ გჭირდება ,
უცნობი ავტორის სცენარში იჭრები ,
ვერ არკვევ ,სპექტაკლი მორჩა თუ იწყება.

ეს თუა ცხოვრება - მოვირგოთ როლები ,
სხვადასხვა გმირების მოგვიწევს შეცნობა.
მთავარი ისაა ,არ გავხდეთ მძორები 
და თუნდაც ,ჩვენზე სუსტს შევთხოვოთ შენდობა.

თამაში არ არის ,ეს მხოლოდ ომია,
მრავალმა მოირგო დღეს უფლის ნიღაბი.
უნდა აღიარო თუ ვინმე გჯობია 
და მაინც ,არაფრით არ ჩარჩე გვირაბში.

ვიღაცა აწვალებს პარტერში როიალს,
რეჟისორს რცხვენია დასის და დაგვტოვა.
მწამს ჩემი გმირი ,რომ მსოფლიოს მოიარს ,
ვიღაც გაგვებუტა ,შენობა დატოვა.

და დავრჩით ჩვენ ორნი სამყაროს მიჯნაზე.
ჩვენ ცურვა ვერაფრით ვისწავლეთ მდორეში 
და მაინც მისინჯავ სიყვარულს მაჯაზე 
და ისევ მაბრუნებ წარსულის მორევში.

შენ სულ გიტაცებდა მთავარი როლები ,
მე ბედმა მარგუნა ტრაგი-კომედია ,
აქამდე მუხლებზე დამდგარი მოვედი 
და მაინც ,რა მწარე ,ცუდი მომენტია ,

რომ ჩემს თავს ყოველთვის ვხედავდი დრამებში ,
რეჟისორს არასდროს ეშლება ნაბიჯი.
მე ავცდი სამყაროს დროსა და აზრებში 
და ვუახლოვდები კუსხელა ნაბიჯით.

თამაში არ არის , ჯერ ისევ ომია.
საკუთარ სახეს რომ ვივიწყებთ როლებში.
ვიღაცა აწვალებს პარტერში როიალს ,
ჩვენ ცურვას ვერასდროს ვისწავლით მდორეში ...

მარუსა 07.09.2015

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი