გამოვიგონე .


გამოვიგონე ,
რომ არავის არ ვგავდი თითქოს 
და პირში მლაშე ჩავიგუბე წყალი - თევზივით .
ჩემგან არავინ სულ არავინ , არაფერს ითხოვს 
და აკრავს ჩემს ძველ ყველა ცოდვას ჯვარზე ღმერთივით .
გამოვიგონე , სიყვარული შემეძლო თითქოს
და ემოციებს ვარიგებდი , ქარში ვფანტავდი .
ახლა კი , ყველა გრძნობებისგან გადამრჩა თითო .
ამ ხეტიალში ო , რა ძლიერ დავპატარავდი ...
გამოვიგონე , ერთგულება შემეძლო თითქოს 
და ვაჯერებდი საკუთარ თავს , გამვლელს და მავანს .
თან სიამაყით ვივსებოდი , ვიძენდი სითბოს ,
ახლა კი , სინდისს ლექსის ყველა ტაეპში ვმალავ ...
გამოვიგონე , ჩემში ქალი სახლობდა თითქოს ,
რომ მასკდებოდა რძისფერ მკერდზე აპრილის კვირტი .
ჩემგან არავინ გულწრფელობას რომ აღარ ითხოვს ,
ყველა სიხარულს ვარიგებ და ტკივილებს ვყიდი ...
გამოვიგონე , ყველაფერი გამოვიგონე !
ჩემს სამყაროში ყველა ფერი უფრო მკვეთრია .
უკვდავებისთვის პოეტობაც რომ მოვიგონე 
სწორედ ამიტომ .
იმედები არა კვდებიან !
გამოვიგონე , რომ არავის არ ვგავდი თითქოს 
და პირში მლაშე ჩავიგუბე წყალი - თევზივით .
როს ჩემი სული პოეზიას აღარ მოითხოვს -
მოვა ქრისტე და ჯვარს გამაკრავს ავაზაკივით ...

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი