მომენტი


კედლებზე წითლად,სიხლივით მიმხმარ, გრძნობებს, თუთუნის
მოძრავი სუნი, ყველა მოწევის შემდეგ აუდით,
მექანიკური მაჯის საათის ხმას კი წუწუნით
წიკ წიკ თქო,წიკ წიკ...ინტერვალებით ჩხუბი გავუბი.

კისერმომტვრეულ თოჯინის გვერდით აგდია რუკა,
თებერვლის მასშტაბს რომ აუწყებს ზამთრის ბაგირებს,
ჰოდა სიჩუმეს აკენკავს ჩიტი ამ დროს ჩემს უკან 
კედლის საათზე. გუგუ თქო გუგუ, კარგს რომ ვაგინებ.

ძველ გაზეთებში ვახვევ და ვახვევ თამბაქოს ნაცვლად,
რადიოს ტალღებს,ამაზრზენ სიტყვებს დემაგოგების,
მერე ნერწყვიან ნაპასებით პაპიროსს გავსხლავ,
გამხმარ ხესავით,- რომ არა აქვს ირგვლივ ტოტები.

მოვწევ და მოვწევ ეკრანს მიღმა ფართოდ გაბღენძილ,
ჰალსტუხის ყულფში თავგაყოფილ პოლიტიკოსებს,
და ნაპასებით რომ შევატყობ კარგად გავძეხი,
მერე საქვეყნოდ თავის მომჭრელ შოუს ვიყნოსებ.

ასე გარყვნილი ჯავრს ამოვყრი საათზე კედლის,
წიკ წიკ, თქო წიკ წიკ...და წავკუზავ დროის მანეკენს,
ნელა თქო,ნელა, სად გარბიხარ!- ხმამაღლა ვეტყვი
და აღვუთქვამ რომ მოწევასაც თავს დავანებებ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი