იცინე...!


იცინე როცა ეს ტკივილი ყელამდე გახრჩობს
როცა სიტყვები ამაოა და მაინც ყვირი
როცა ყოველი მოძრაობა უაზროდ გაფრთხობს
როცა უბრალოდ ხელს გიწვდიან შენ კი ეს გიკვირს.

იცინე ხშირად მაშინ როცა ამინდებს მზიანს
შავი ღრუბელი თავხედურად ამოვა,შეცვლის
როცა ხეებზე დეკემბერში ჩიტები ზიან
როცა ყოველი ახალი დღე მთლიანად შეგცვლის.

იყვირე,ისე რომ გაიგოს ყველა მოკვდავმა
თუნდაც სიგიჟედ ჩაგითვალონ ხმის მომატება
იყვირე რომ არ გაგაგიჟოს ძველად მომხდარმა
რომ დიდ ტკივილად არ გადაიქცეს მონატრება!

იცინე როცა სასაცილოდ საქმე არა გაქვს
შენს წინააღმდეგ როცა მიდის ყველა გარშემო
მაშინ როდესაც შეგრძნებები მაჯებით დაგაქვს
მე მეგობარო ბედნიერება მინდა გაჩვენო...

მე გეუბნები,რომ იყვირო,იგრძნო,იცინო
ყველა სიგიჟეს მოუყარო თავი-გაგიჟდე
და შენი თავი სიგიჟეში უკეთ შეიცნო 
ხოდა მიდი და მონატრებას გადააბიჯე!

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი