მე ზღვის სული ვარ


მე ზღვის სული ვარ და ტალღების არ მეშინია.
არც განათებული გემების.
მე ზღვის სული ვარ.
ვცხოვრობ ფსკერზე და ჭრელი თევზებია ჩემი სამკაულები.
.
ჰო,
მე ზღვის სული ვარ, თეთრ ნაპირებს შემორჩენილი.
ეს დაძირული გემია ჩემი სახლი.
მყუდრო და ცივი,ხავსით და ფერადი ნიჟარებით სავსე.
დიახ,ეს ჩემი სახლია,
როცა ზღვა ღელავს,აკვანივით არწევს
და მე მხოლოდ მაშინ ვიძინებ.
.
ვიღაც ქალს უტირია ქმრის დახრჩობა,
მუხლებამდე შესულს და ცრემლები ზღვაში ჩაცვინდა.
ასე გავჩნდი მე.
ჩემი თვალებია ზღვა და ღამით 
ათასობით ციურ სხეულს ვირეკლავ.
.
მე ზღვის სული ვარ და ტკივილების არ მესმის.
არც ყვავილებით დაყრილ მინდორზე ვწოლილვარ გულაღმა.
არც ბავშვობა მქონია,რადგან
არასდროს წაუკითხავთ ჩემთვის ზღაპარი.
არავის უყიდია ჩემთვის ბამბის ნაყინი
და არასდროს ვმჯდარვარ ეშმაკის ბორბალზე.
.
ჰო,მე ზღვის სული ვარ
და ვარსკვლავების დათვლის არ მეშინია.




https://www.youtube.com/watch?v=kcihcYEOeic

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი