მოდი, იცეკვე


მოდი, იცეკვე 
ჩემს ძვლებზე და დამკარი ქუსლი,
მე რა ხანია აღარ მათბობს ჩემი ხელები
და რა ხანია განეშორა
 ხორცი ძვალს
სული_სხეულს
თვალი _ მზეს.
ყელმოღერებით
იგოგმანე ,
ბუქნით,
ბზრიალით ,
არ დაგავიწყდეს თვალის მიზნად ერთი წერტილი.
შენ ნახავ ,
როგორ ამოდიან ჩემი ზურგიდან
სისხლიანი კითხვის ნიშნები,
მკერდიდან- შეუსმენელი ძახილის ნიშნები,
კიდურებიდან - ტყვიისფერი მძიმეები ,
ნახავ თავის ქალაში უმისამართო , ქაოსურ წერტილებს.
და მოგინდება შენი წერტილის დასმაც.
და როცა ცეკვას დაუსვამ წერტილს,
შენ აღარ გექნება ჩემს ქალაში შენი წერტილის ადგილი.
გავიმართები
და ჩემი ძვლები დაიწყებენ ხმლებივით ღჭრიალს,
კითხვის ნიშნებიც ჩემთან ერთად წამოდგებიან
და იქცევიან ძახილის ნიშნად.
და როცა რკინის ჟღარუნის ხმა 
შენამდე მოვა,
ცეკვას ვისწავლი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

1 კომენტარი
ლაშა კობიაშვილისტუდენტი3 წლის წინ

„მოდი, იცეკვე
ჩემს ძვლებზე და დამკარი ქუსლი“ - ძაან კაია

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი