ღამე სოფელში


თაღოვან კარში შემოდის ლანდი..
შუქი ჩამიქრა უკვე მესამედ,
-შენ შორი გზიდან მოსულო წადი
და გამინათე ღმერთო ეს ღამე!

მაგრამ კედლების თეთრმა სუდარამ
და ჭა ოთახის სველმა სამარემ,
მოკვდავ სხეულში ცივად შემზარა
და თავი წამსვე ხელში ჩავმალე.

თუმცა ვერ ვხედავ და მაინც მესმის..
ოთახში შავი ლანდი, რომ დადის,
ასე მგონია ბუხრის ალს ერწყმის
ნაბიჯი მისი და ელვა ფარდის.

გარეთ უყეფდნენ ძაღლები მთვარეს,
ოთახში დავრჩით: ჩიტი მე, ლანდი..
-მე ძველებურად ვმალავდი თვალებს
და შენ კი, ღმერთო ჯერაც არ ჩანდი.

წარმოვიდგინე მაგიდა მრგვალი,
ცეცხლი ეკიდა ქვემოდან, როცა
მასზე ვიწექი ამჯერად მკვდარი
და ჩამესმოდა უფლისგან ლოცვა.

თაღოვან კარში შემოდის ლანდი..
შუქი ჩამიქრა უკვე მესამედ,
-შენ შორი გზიდან მოსულო წადი
და გამინათე ღმერთო ეს ღამე!

⚜️15/01/2020

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი