ანტიყოფის მანიфესტი
_ გახდება მკვეთრი, რაც იყო მდარე, რაც ჭამა ხავსმა უიმედობის… სიცივე რკინის, უმოქმედობის გახდება ბასრი, როგორც საჭრისი, გაჰკვეთავს ფოლადს, ალმასს და ტიტანს, გაცვეთს კბილანებს წივილით მძლავრით. _ მე მოგიტანეთ დაკანონება და დატირება შეწირვის ხათრით! მოვზომავ თქვენთვის ადგილს თუ კუთხეს, სადაც იქუხებთ უმანკო ბრძოლით… ამბოხად აქცევთ სამყაროს თაღებს, დახვდებით მძებნელს _ ქარების ხოცვით! ანტისიმშვიდე გაგიწყვეტთ ძარღვებს ფსევდოსიკეთე ცრუდ დაგაპკურებთ _ პარანოიად იქცევა ჟამი, ჟამი ამ წუთის ამაოების, მზარდი სიმძაფრის, ბერწი დროების… შეჰქმენით ჯანყი, მე მოგიწოდებთ, აქამდე ძილით რომ ღლიდით ღაწვებს! იშიშვლეთ გული, ვით დანის პირი _ ზედ დაგტვიფრიათ ხანძრის ფორმულა, გახეთქავს, გახსნის თავისუფლება კარებს სიმართლის, რომ არ მოსულა! ნაოჭებს _ ოფლი შრომის და ტანჯვის, ვით ვერძის, კუროს მჭიდი ტერფები… დაალბობს, აზელს საათებს, ძახილს არმოღწეული ჩვენი მეწყრები; ომი ბაცილებს, ვირუსებს მოსპობს, ხორცმეტებს მოჭრის, მოცელავს ძირში; პაციфიზმიდან დავანთებთ კოცონს _ რომ შეწყნარება აგვენთოს ტვინში! იდგმება დადგმა, იდგამს ღრმად ფესვებს, იწყება კინძვა ფორმალურ დღეთა, მოჰკვეთავს რკინა აზიდულ ვერხვებს, რომ კვლავ აზვირთდეს ნერვების წყვეტა. მზეზე იელვებს ენა, ვით სახრე, ბნელი ტორსების რაზმული ცვენა. აჩეხეთ შუბლით, რაც იყო ადრე _ მადროვეთ, სულში ჩავიკლა წყენა! ეს ბრძოლის ველი დავლაშქრე ბევრჯერ, ლექსების თესვით შევიკალ მიწა _ სისხლიან წყაროს გავუხსენ პირი, ყოველთვის ვფხიზლობ, ყოველთვის მღვიძავს! ყვავილთა შტორმებს, ნიავთა ღვარებს, გაჩუქებთ, როცა შეჯდებით ცხენზე _ როცა გაარღვევთ ურჩხულის ჯავშანს, და გაგაცოფებთ წყლულები ხელზე… ვიმღეროთ ერთად ბალადა ჰიპთა, თავისუფლების წყურვილით _ ძღომა; და ამაზრზენი პარპაში ღიპთა შეწყდება, როგორც ფოთოლთა კვდომა! მკვეთრად ინათებს ჩამქრალი სხივი, საუფლოს გახსნის ამბოხი რწმენის… გახდება მკვეთრი, მდორედ ნათელი _ სხივი, რომელიც სიბნელეს დევნის.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი