შეძახილი სააღდგომო!


მოსჩანს, როგორც მინარეთი, ანდა მაიას პირამიდა,
ან სატურნის ხულახუფი, ბალერინის “პაჩკის” დარი…
მოსჩანს, ვით პოსეიდონი, აღმართული მდინარიდან,
დედამიწის თლილი ღერძი, ორბიტათა მონაგარი.

მოსჩანს ნაღმზე გაწოლილი ამ პლანეტის ცხელი ბირთვი,
აფეთქდება დაბადებად, სხვა სიცოცხლის კონსტრუქცია…
ჩაყინული უკვდავებად, ორგანიზმთა ჯარი – კირქვის,
-აპოკალიფსურად დავსძენ, სამყარო ხომ მოხუცია!

მზის სხივებში ირუჯება გალაქტიკის ოაზისი,
როგორც აპკი საქალწულე – ოზონის შრე გახეთქილი…
არსებობის საიდუმლო, ეს ღიმილი მონა-ლიზის,
მოსჩანს სახე შემომქმედის, ბარდ-ეკლისგან დაჩეხილი!..

კუბოების ლეგიონებს კუჭში იტევს მიწის ფაშვი.
სარკოфაგებში მუმიებს, ეონები სიზმრად ღალავს…
და ბეთლემში მოვლენილი, ხარებიდან ქმნილი ბავშვი
-თვისი მეორედ მოვლენით – არმაგედონს გადაფარავს.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი