პოეტური არმაგედონი
უფერული ზრახვებიდან გამდინარე საზრისებით, მოქმედებით, უქმნადობით… მოიქანცა ჰიპოфიზი. გადახსნილა ეს სამყარო, ვით იარა-საჭრისებით, შიდაბუნება ფარული, უკითხავად განასხვისი. დალუქულა მასშტაბურად, ვით კრატერზე ცისსარტყელა, ეს გონება, თვისი სკალპით, ეგრეგორთა კონსერვია! სად-ღმერთების ყრილობაზე ფითრი-ფიქრმა მისახელა, ვაკუუმში ვისრისები, ვით სკაროსნი მომსევიან. გახუნებულა ეს გარსი, ეს სავანე, სისხლად თლილი, აწყობილი ძვლებად ნეშტი-კრამიტივით დაბზარულა! და ფიქრისგან დათუთქული, ოკეანე მივარდნილი- მირიადი სტრიქონებით, პოეზიაც გაპარულა… მოვიხელთო, თუ მივუშვა, თუ საკანში გამოვჭედო, ან და ხავსად გავაბნიო ვერლიბრი და კონვენცია… გაქრობისთვის, არ მსურს, რადგან, საბოლოოდ გავიმეტო- განტოტვილი აზროვნების ხელთუქმნელი კონცეპცია! ფიანდაზად დაფენილი, დათესილი-თესლად, წლები… გასანთლული მაქმანებით შებოჭილი უძრაობა; ჩამომწყდარი, ლაქლაქისგან, სახსრებიდან მძიმე ყბები, ყბები, როგორც იალქნები, თოკებად კი უსახსრობა! კრიალოსნის ქვებზე ჩავთვლი კანტიკუნტად ნასროლ ფრაზებს, როცა ლოცვებს საკრალურად, ვაშრიალებ უკუნიდან..! ჩემს მანკიერ, სასტიკ ცოდვებს, ვით დაგეშილ, ველურ აფთრებს- ტრამალებზე ვაბალახებ, წამომდგარებს ბურუსიდან! მენტალურად ვიშრობ მომხდარს, რაც მომხდარა აქამომდე- რაც ხდება და კვლავ მოხდება-ყველაფერი სულერთია… შემომქმედი სულ იცინებს, კაცი გინდაც მარად ბჭობდეს, თუნდაც კაცთა დინასტიას, ტვინი ქვაზე უხეთქია! –კურტიზანულ ცბიერებით გალაქტიკა ხვრელებს ბადებს, კურიოზულ კანტატებად აჟღერდება ცაში ელვა… და ზღაპრული ფასკუნჯივით, გამოკვებავს წვიმით, ბარტყებს!!– მინორია! მიჩუმათდა, მიილია გამმა-ჟღერა, ზანზალაკებს ედარება მნათობების ყრუ ციალი… ვაკვირდები სამოთხეებს, რამაც დღემდე გამაშტერა- ამ ქროლვაში, ის მერანიც, უკვე გახდა-ბუციФალი ! მემართება კონФუზია! აუზია თითქოს, სული, თანაწყობით, მიჯრით დგება ბნელ ცხედართა მრეში ჯარი; ცივ ფანჯრებზე იტვიფრება ლიტურგია, დანამული, -რექვიემიც ჰგოდებს ირგვლივ, უფლისაგან დანაბარი..!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი