ახალი წლის მშვენიერი სიყალბე


ბავშვობა იწყება სამშობიაროს სამეანო მაგიდიდან,
ბავშვობა თავდება, როდესაც გებულობ თოვლის ბაბუის ბუტაფორიულობას…
ადამიანი მუდმივად ჩვილის, ან მაქსიმუმ – ბავშვის
ამპლუაში უნდა რჩებოდეს.
ნაძვის ხესავით მარად მწვანედ უნდა ეჩვენებოდეს სამყარო,
მიუხედავად მისი მილიარდფეროვნების…
–“რატომ ხვდებით, ხალხო, ახალ წელს ასეთი სიხარულით, ყოველი ახალი წელი, ხომ ერთი წლით მიახლოებაა თქვენს აღსასრულთან?!..”—
ასე ხომ განაცხადა ჩვენმა ერთ-ერთმა სასიქადულო, ერის მამამ??
ხო, ეს ნამდვილად სადაო საკითხია, მით უფრო, რომ მაინც, ყველას გვიხარია მისი დადგომა…
მახსოვს, ბავშვობაში, ყოველ პირველ იანვარს
გაღვიძებისას, ბალიშის ქვეშ მხვდებოდა ხოლმე
ნამდვილი თოვლის ბაბუის საჩუქარი, ნამდვილის, ჩემის ბავშვური რწმენით, ასტრალურის, თვალთ რომ არავის ენახვება და მხოლოდ ღამ-ღამობით სტუმრობს ხოლმე პატარებს და არა ასეთის, პრეზიდენტის ვერტმფრენით რომ მოდის და უცხოეთიდან ჰუმანიტარული ძღვენის სახით შემოსულ საბავშვო წვრილმანებს რომ გვირიგებს, რითაც ისედაც გადავსებულია სექენდ-ჰენდები და მუზეუმის კოშკში რომ, ყოველ ღამით ხელახლა იწებებს მომენტით, წვერ-ულვაშს…
მახსოვს, სამოცდაათიანი წლების ზამთარი თბილისში, თოვლი თოვლს ჰგავდა მაშინ და ქართველი ქართველს…
მახსოვს, ბაბუაჩემმა გამიკეთა, ჩემს ეზოში პირველი მექანიკური სატრიალო – ნაძვისხისა და ამაყი, დაპრანჭული ჩემი ნაძვის ხე, მასზე, როგორც პოდიუმზე იწონებდა თავს და ელიტარული მოდელივით ტრიალებდა აქეთ-იქეთ…
მახსოვს, პლეხანოვზე, არტოს ბაღში, თხილამურებითაც კი ვცოდვილობდი ხოლმე და პირუკუღმა ვიშხლართებოდი ხშირად…
ყველაფერი მახსოვს, ნამდვილი, ძველი თბილისური ზამთრების და ახალი წლების….
და კიდევ ის, რომ მეგონა, ეს უმწიკვლო ბავშვობა არასოდეს გათავდება-თქო და ნამდვილი, თოვლის და არა ხორცის, ბაბუა, ადრე თუ გვიან, რომელიმე პირველ იანვარს, გაღვიძებისას, დამენახვება და თვალნათლივ მომილოცავს მეთქი, ახალ წელს!..
დღესაც ამას ვნატრობ, მერწმუნეთ, ვნატრობ ნამდვილად და ამ ნატვრით დაიმედებული, მერამდენედ უკვე, ვურთავ ჩემს ქალიშვილს, კოპწია ნაძვის ხეს, იმას, ჩემი ბავშვობიდან გადმოყოლებულს, დღემდე….

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი