ტერენტი გრანელი
ტერენტი გრანელის და ჩემი ცხოვრება უმჭიდროესადაა ურთიერთგადაჯაჭვული და ეს ბევრმა იცის ირგვლივ. 1983 წლიდან 1987 წლამდე მე ვუვლიდი და ვდარაჯობდი ტერენტის საფლავს პეტრე-პავლეს სასაფლაოზე… იქვე, სასაფლაოზევეა დაწერილი ჩემი ლექსების უდიდესი ნაწილი. არაერთი ღამეც კი მაქვს იქ გატარებული, მარტოს… შემდეგ კი, 1987-ში აქტიური მონაწილე ვიყავი მისი გადასვენებისა პეტრე-პავლედან დიდუბის პანთეონში… (უფრო სწორად – მოწინააღმდეგე ამ გადასვენების… რადგან მიმაჩნდა, რომ თუ გადასვენებაა – მთაწმინდაზე უნდა გადასვენებულიყო და არა სხვაგან!). შემდეგ კი, როდესაც ჩემი და ჩემი თანამოაზრე ზღვა ადამიანების ურიცხვი და ყოველმხრივი მცდელობების მიუხედავად, მაინც გადაასვენეს, მისი ნასაფლავარი დარჩა უპატრონოდ მიგდებული და მე დავადგი შავი მარმარილოს ქვა, იგივე ფოტოთი და წარწერით: “აქ, 1934 წლიდან – 1987 წლამდე განისვენებდა დიდი ქართველი პოეტი ტერენტი გრანელი (კვირკველია) ”არა სიცოცხლე, არა სიკვდილი, არამედ რაღაც სხვა…” დღეს-დღეობითაც ეს ნასაფლავარი პეტრე-პავლეზე ჩემს მიერაა შენარჩუნებული. 1987-ში, წალენჯიხაში, ტერენტი გრანელის სახლ-მუზეუმის და მისივე სახელობის ქუჩის გახსნაზე გახლდით საპატიო სტუმრად მიწვეული. წალენჯიხაში შემდგომშიც არაერთხელ გახლდით ამ ამბებთან დაკავშირებით… მაშინ ეს ღონისძიებები დაამთხვიეს ტერენტის დაბადების 90-წლისთავს. ასევე, მე ვიცნობდი ქალბატონს, ნინა ზახარევნა ხიდირბეგიშვილს, რომელსაც ტერენტი გრანელმა, ყოფილ კამოს ქუჩაზე (ამჟამად დ. უზნაძეზე) 23-ე სკოლასთან მიუძღვნა ლექსი – “გაზაფხულის საღამო”. ასევე, საზღვარგარეთის ლიტერატურაში ჩემი ლექტორი, გახლდათ ცხონებული – აკაკი გაწერელია, ტერენტის მეგობარი და თანამედროვე. – ტერენტი გრანელი – ერთადერთი მისტიკოსი პოეტი საქართველოში! ტერენტი გრანელს უნდა საკუთარი კანით და სულით შეიგრძნობდე, რომ მიხვდე – ტერენტი არ არის პესიმისტი პოეტი, პირიქით – იგი სინათლის და სიცხადის შემტანი, უნათლესი პოეტია!
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი