დაგელოდები


დაგელოდები არაგვის პირზე...
ო, როგორ გრძნობით დაგელოდები?!
ხანდახან ისე ამრეზით მიმზერ,
მზეზე მოწყვეტილ ოქროს ზოდებით?!

დაგელოდები, უცნაურ თრობით,
შეყვარებული შენზე შამანი
და ყოველ აპრილს საღამოობით,
კართან დაგხვდება იასამანი.

დაგელოდები ქარში, ავდარში...
დამეთოვლება სული ვარდებით...
და თუ არ მომკლეს და თუ გადავრჩი,
პირობას გაძლევ შეგიყვარდები.

დაგელოდები, იქნებ მარტამდეც,
იქნებ ეს წელიც... იქნებ მარადის...
ო, იქნებ დანას არ ჩამარტყამდე,
ო, ღვთისმშობელი დაგიფარავდეს.

დაგელოდები სადამდეც გავძლებ
და სამუდამოდ დამეძინება...
არ უღალატო ოღონდაც ამ წლებს,
და გულის სისხლში გამოდინებას.

დაგელოდები სიზიფეს ლოდით
და ხელახალი ტრფობის იმედად...
გეტყვი ეს წლები როგორ გელოდე,
სიმარტოვის და გლოვის მღვიმედან.

დაგელოდები გზის დასასრულთან
და თუ მოსვლაა ძნელი მეორედ,
ნუ შეყოვნდები, მორჩა! დასრულდა!
- არ მიყვარხარ თქო, გამიმეორე.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი